ბათუმში კიდევ ერთი პირსის მშენებლობა იგეგმება და თუ ვინ იქნება ინვესტორი ეს 27 ოქტომბერს ჩანიშნული e-აუქციონის შემდეგ გახდება ცნობილი.
„ბათუმის ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტომ“ 6 მაისის პარკში, ნურიგელის ტბაზე 50 კვ/მ პირსის მშენებლობისთვის, ოთხი ერთეული ელექტრო ძრავიანი ნავის გაჩერების მიზნით და მსუბუქი კვების ობიექტის ფუნქციონირებისათვის e-აუქციონი 21 ოქტომბერს გამოაცხადა.
ლოტის საწყისი ფასი, ანუ წლიური საიჯარი ქირის საწყისი ღირებულება 4800 ლარს შეადგენს. როგორც აუქციონის პირობებიდან ირკვევა, ინვესტორს აღნიშნული ტერიტორია 5 წელიანი იჯარით გადაეცემა და იჯარის უფლების მქონე ვალდებულია სახელშეკრულებო ვადის განმავლობაში გადაცემული ადგილი გამოიყენოს მხოლოდ დანიშნულებისამებრ.
აუქციონში გამარჯვებულს უფლება აქვს ისარგებლოს იჯარის ვადის განმავლობაში ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიზნებისათვის ნურიგელის ტბით.
მისი ვალდებულებაა ასევე, განახორციელოს მიმდებარე ტერიტორიის მოვლა-პატრონობა და დასუფთავება; არ დააბინძუროს ტბა, რომელიც საფრთხეს შეუქმნის ტბაში მობინადრეებს და არ განახორციელოს მესამე პირის რეკლამა.
აღსანიშნავია, რომ მოიჯარესა და მფლობელს შორის გასაფორმებელი ხელშეკრულება საიჯარო ქირის გადახედვასაც (გაზრდის მიზნით) ითვალისწინებს, რაც შესაძლოა ბაზარზე არსებული ფასების შესაბამისად, ორ წელიწადში ერთხელ აუდიტის დასკვნის შესაბამისად, მოხდეს.
შეგახსენებთ, რომ 6 მაისის პარკში არსებულ ტბაში აერაციის სისტემის მონტაჟის შემდეგ ბათუმის მერიამ ტურისტული ინფრასტრუქტურის შექმნაზეც დაიწყო ზრუნვა.
ტურისტების მისაზიდად და მათთვის შესაბამისი სერვისის შესაქმნელად ნურიგელის ტბაზე ელექტრონული ნავების სერვისის ამოქმედების ინიციატივაც ბათუმის მერიას ეკუთვნის.
აღსანიშნავია, რომ ბათუმის მერიიამ უკვე განხორციელა აერაციის სისტემის პირველი ეტაპი, რაც ზედაპირული აერაციის შადრევნის მოწყობას გულისხმობს.
ტბაში ჩამონტაჟებული აერაციის სისტემა უზრუნველყოფს ტბის წყლის ჟანგბადით გაჯერებას, რაც ტბის ეკოლოგიური დეგრადაციის პროცესს შეაჩერებს. გარდა აერაციისა, დაგეგმილია მთელი რიგი კომპლექსური სამუშაოები, რაც ტბის გაცოცხლებას უზრუნველყოფს.
აერაციის სისტემის შესყიდვა ელექტრონული ტენდერის საფუძველზე განხორციელდა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 292 ათას 400 ლარი გამოიყო.
გარდა ამისა, ტბის გასუფთავების მიზნით, უნდა მოხდეს ტბის დათევზიანება სპეციალური ჯიშით, რომელიც წყალმცენარეებით იკვებება. ნურიგელის ტბის სიგრძე 360 მ-ია, სიგანე – 160 მ, მაქსიმალური სიღრმე – 6, 3 მ. ზედაპირის ფართობია 57 600 კვ.მ, ხოლო წყლის სავარაუდო მოცულობა 230 000 კუბური მეტრია.