დღეს, 22 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის არჩევნების მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით განმეორებითი კენჭისყრა 4 საარჩევნო უბანზე იმართება.
განმეორებითი კენჭისყრა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხაშკარის ორ და სოფელ განმუხურის ერთ უბანზე (№66.67.38, №66.67.79 და №66.67.108), ასევე მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოს ერთ საარჩევნო უბანზე (№36.22.48) მიმდინარეობს. ზუგიდის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში აღნიშნულ 3 საარჩევნო უბანზე, ასევე იმართება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის რიგგარეშე არჩევნების განმეორებითი კენჭისყრა. (შესაბამისად, ამომრჩევლები ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საარჩევნო უბნებზე მიიღებენ 2-2 ბიულეტენს, ხოლო მარნეულში - ერთს).
როგორც დღეს ცესკოში გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ყველა საარჩევნო უბანი ამომრჩევლისთვის დილის 8:00 სთ-დან გაიხსნა და ხმის მიცემის პროცესი მშვიდ და ყველასათვის ხელმისაწვდომ გარემოში მიმდინარეობს.
მან ასევე აღნიშნა, რომ №48-ე საარჩევნო უბანზე იმყოფებიან დამკვირვებლები, მედიის და საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლები; შესაბამისად მუშაობს რამდენიმე ვიდეოკამერა; ანა მიქელაძემ კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირებს მიმართა თხოვნით, საკუთარი საქმიანობის განხორციელებისას შექმნან ისეთი პირობები, რომ ამომრჩევლებმა შეუფერხებლად შეძლონ საკუთარი საარჩევნო უფლების განხორციელება.
„მარნეულის მუნიციპალიტეტის №48-ე საარჩევნო უბანზე რეგისტრირებულია 1 436 ამომრჩეველი, ხოლო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სამივე საარჩევნო უბანზე ჯამში 2 844 ამომრჩეველია.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საქართველოს პარლამენტის არჩევნების მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით განმეორებით კენჭისყრაში მონაწილეობას იღებს 6 კანდიდატი, მარნეულის საარჩევნო ოლქში - 8 კანდიდატი, ხოლო გამგებლის არჩევნების განმეორებით კენჭისყრაში - 4 კანდიდატი.
დღეს, მთელი დღის განმავლობაში მუშაობს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრი (2 51 00 51), ასევე ონლაინ ჩატი და ონლაინ ოპერატორი (cesko.ge). მოქალაქეებსა და დაინტერესებულ მხარეებს შეუძლიათ მოგვმართონ, მოგვაწოდონ და მიიღონ არჩევნებთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია.
შეგახსენებთ, რომ საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, დღეს, კენჭისყრის შენობაში იკრძალება აგიტაცია. ასევე, აკრძალულია წინაასარჩევნო ფასიანი და უფასო რეკლამის განთავსება ტელევიზიასა და რადიოში. ამას გარდა, დღეს, საღამოს 8:00 საათამდე იკრძალება არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება.
დღის განმავლობაში საარჩევნო ადმინისტრაცია მუდმივად მოგაწვდით ინფორმაციას კენჭისყრის დღის მიმდინარეობის შესახებ და ასევე გაგაცნობთ მონაცემებს ამომრჩეველთა აქტივობის თაობაზე.
მინდა მოვუწოდო ამომრჩევლებს აქტიურობისკენ, ვინაიდან თითოეული მათგანის ხმა მნიშვნელოვანია,“ - განაცხადა ანა მიქელაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.