"სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ" საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის მაჟორიტარული სისტემით არჩეული წევრების საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაცია გამართა.
ანგარიში 2012 წლის ნოემბრიდან 2016 წლის თებერვლის ჩათვლით პერიოდს მოიცავს და მასში ასახულია მაჟორიტარი დეპუტატების მიერ საპარლამენტო საქმიანობის მონოტორინგის შედეგები, კერძოდ მათ მიერ განხორციელებული საკანონმდებლო ინიციატივების რაოდენობა, პლენალურ სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენებისა და პლენარულ სხდომებზე სიტყვით გამოსვლის რაოდენობრივი ანალიზი.
331 კანონპროექტი, რომელიც საანგარიშო პერიოდში მაჟორიტარმა დეპუტატებმა წარადგინეს, მხოლოდ 36 დეპუტატზე ნაწილდება. მათ შორის ყველაზე მეტი, 41 წარდგენილი აქვს დავით ონოფრიშვილს, მეორე ადგილზეა ვახტანგ ხმალაძე 33 წარდგენილი კანონპროექტით, მესამე ადგილზე კი თამარ კორძაია 22 კანონპროექტით.
ანგარიშის მიხედვით, მაჟორიტარი დეპუტატების თითქმის 10% პლენარულ სხდომებზე სიტყვით საერთოდ არ გამოსულა. 10-ჯერ და უფრო ნაკლებად სიტყვით გამოვიდა მაჟორიტარი დეპუტატების 30%, ხოლო 100-ჯერ და უფრო მეტჯერ პარლამენტის ტრიბუნით ისარგებლეს მაჟორიტარების 17%-მა.
საანგარიშო პერიოდში მაჟორიტარმა დეპუტატებმა არასაპატიო მიზეზით 378 სხდომა გააცდინეს. 73 მაჟორიტარი დეპუტატიდან სხდომა არასაპატიო მიზეზით არასოდეს გაუცდენია 11-ს.
მე-8 მოწვევის პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროების საქმიანობაზე, 2013-2015 წლებში, გაიხარჯა 12 065 777 ლარი.