„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატებმა ერთობლივი ბრიფინგი გამართეს. ბრიფინგზე გიგი წერეთელმა განაცხადა, რომ მეორე ტურისთვის კანდიდატურის მოხსნას არ აპირებს, მისი თქმით ენმ-ს მოთხოვნა, კომპეტენტურ პირებს გაკეთებინათ პარლამენტის გადატანასთან დაკავშირებით განცხადება არ დააკმაყოფილეს.
„მე არსად განმიცხადებია, რომ კანდიდატურას ვხსნი. ჩვენი ბრიფინგი და ერთად ყოფნა იმას ადასტურებს, რომ ბრძოლას ბოლომდე ვაპირებთ იმისთვის, რომ პარლამენტი ქუთაისში დარჩეს, ჩვენი მთავარი გეგმა და მიზანი მეორე ტურში გამარჯვებაა. მე მოვითხოვე რომ უფლებამოსილ ლიდერებს გაეკეთებინათ პარლამენტის გადატანასთან დაკავშირებით განცხადება ჩვენ ნამდვილად ვერ დავიჯერებთ არაადეკვატური პირების მიერ გაკეთებულ განცხადებებს“ - აღნიშნა წერეთელმა.
კანდიდატურის მოხსნასთან დაკავშირებით პოზიციას არ ცვლის აკაკი ბობოხიძე. „პოზიია არ შემიცვლია მაგრამ მე ვერ მივიღე პასუხი, არათუ იმერეთის დეპუტაცია თვით კანდიდატებიც კი ვერ ბედავენ მკაფიო პასუხის გაცემას. დიახ ჩვენ მოვისმინეთ მაჟორიტარობის კანდიდატების პასუხები, რომლებიც არაფერს ნიშნავს. მეორე ტური ქუთაისისთვის არ იქნება მხოლოდ საპარლამენტო არჩევნები, ის ღებულობს რეფერენდუმის სახეს“ - განაცხადა ბობოხიძემ.
ქუთაისის სამივე მაჟორიტარულ ოლქში არჩევნების მეორე ტურში მაჟორიტარობისთვის „ქართული ოცნებისა“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატები იბრძოლებენ.