აბაშიძე-კარასინის შეხვედრას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აფასებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ორივე ქვეყანა კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით დიალოგის გაგრძელების მომხრეა. რუსეთის საგარეო უწყებამ ყურადღება სავაჭრო, სატრანსპორტო და კულტურულ - ჰუმანიტარულ საკითხებზე გაამახვილა. „ორმხრივი ურთიერთობის ნორმალიზების მიზნით ბოლო 4 წლის განმავლობაში მიღწეული შედეგი ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა. რუსეთი თავისი მნიშვნელობით კვლავ რიგით მეორე სავაჭრო პარტნიორია. რუსეთი ასევე რჩება მთავარ ბაზრად საქართველოს ღვინის პრდუქციისთვის“ - ნათქვამია განცხადებაში. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ნოემბერში თბილისში საქართველოსა და რუსეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატების ეგიდით ბიზნესმენების შეხვედრა გაიმართება. ასევე გაგრძელდება საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესზე მუშაობა.