კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით პრემიერის ინიციატივას სპეციალური ჯგუფის შექმნის თაობაზე რესპუბლიკელების წევრი, ვახტანგ ხმალაძე კურიერის პირდაპირ ეთერში გამოეხმაურა.
ვახტანგ ხმალაძემ წინა საკონსტიტუციო კომისიის მიმართ გამოთქმული კრიტიკის მიზეზებზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ქართული ოცნების ხელისუფლებაში ყოფნის დროს კონსტიტუციური ცვლილების ალბათობა ნულის ტოლი იყო, რადგან საკონსტიტუციო უმრავლესობა არ ჰქონდა მმართველ გუნდს. ხმალაძის განცხადებითვე, კომისიამ მუშაობა ისე დაასრულა, რომ ქართული ოცნების კოალიციამ პროექტი ვერ დადო.
„ისე დაამთავრა ამ კომისიამ მუშაობა, უმრავლესობის, ქართული ოცნების კოალიციამ თავისი პროექტი, რას აპირებდა, რის გაკეთება უნდოდა, ვერ დადო,“- განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ.
ხმალაძის თქმით, კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების შეტანისთვის საჭიროა იქმნებოდეს კომისია, რომლის წევრები პროფესიონალები იქნებიან. მისივე განცხადებით, თუ პარლამენტში ერთპარტიული საკონსტიტუციო უმრავლესობა იქნება, კომისიის შექმნა აუცილებელი იქნება.
ხმალაძის თქმით, ყოველთვის არსებობს საფრთხე, რომ მმართველმა გუნდმა კონსტიტუცია თავის თავზე მოირგოს, საფრთხისგან თავდაცვა იმ კომისიის შექმნაა, რომელიც თავისი შემადგენლობით მრავალფეროვანი იქნება.