სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის მინისტრს, ლაშა კომახიძეს შეხვდა. შეხვედრაზე ლევან დავითაშვილმა კოლეგისგან აჭარაში ციტრუსის სეზონის საორგანიზაციო სამუშაოებთან დაკავშირებული ინფორმაცია მოისმინა.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, რეგიონის შესაბამისი სამსახურები მზად არიან ნარინჯისფერი რთველის ორგანიზებულად ჩასატარებლად. გაიხსნება საკოორდინაციო შტაბი და ამოქმედდება ცხელი ხაზი. ჩაბარებული ციტრუსი ერთიან ელექტრონულ ბაზაში აღირიცხება სპეციალური კომპიუტერული პროგრამის მეშვეობით. ნებისმიერ მსურველს განახლებული ინფორმაციის ნახვა ონლაინ რეჟიმში შეეძლება.
როგორც შეხვედრაზე აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლაშა კომახიძემ აღნიშნა, საპროგნოზო მონაცემებით, ციტრუსის მოსავალი 50-60 ათას ტონას შეადგენ. აქედან, დაახლოებით 10 000 ტონა განკუთვნილია სამრეწველო გადამუშავებისთვის, ხოლო დანარჩენი - საექსპორტო დანიშნულებისთვის.
ლევან დავითაშვილის განცხადებით, ბაზრის ანალიზის შემდეგ გადაწყდება ციტრუსის რეალიზაციაში სახელმწიფოს მხრიდან დახმარების საკითხი.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ციტრუსის საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციის საკითხს. ლაშა კომახიძის განცხადებით, ტრადიციული ბაზრების გარდა, ქართული ციტრუსის ექპორტით ლატვია და უზბეკეთია დაინტერესებული.
როგორც აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის მინისტრმა აღნიშნა, ოქტომბრის ბოლოს, აჭარაში დაგეგმილია ფორუმი, სადაც მოწვეული იქნებიან ციტრუსის მსხვილი ექსპორტიორი ქვეყნების წარმომადგენლები.
სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას საქართველოს სოფლის მეურენობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე და მინისტრის მოადგილეები გიორგი ჩხეიძე, იური ნოზაძე და დავით გალეგაშვილი ესწრებოდნენ.