პრემიერ-მინისტრი "რთველი 2016"-ს წარმატებულად აფასებს. გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, წელს რთველის მიმდინარეობაში 178-მა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა და100 ათას ტონაზე მეტი ყურძენი გადამუშავდა.
“კახეთის მოსახლეობის შემოსავალმა 97 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა. რაჭა-ლეჩხუმში 24-მა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა და 500 ტონაზე მეტი ყურძენი გადამუშავდა. რაჭის მოსახლეობის შემოსავალმა რთველის პერიოდში ორ-ნახევარ მილიონ ლარზე მეტი შეადგინა, ორივე რეგიონში 2016 წელს ყურძენი ღვინის კომპანიებს 19 ათასზე მეტმა მევენახემ ჩააბარა. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ შევქმენით თვისობრივად განსხვავებული სუბსიდირების და აგროსესხების პროგრამა, რომლის დანერგვითაც სახელმწიფომ მოახდინა სწორი სტიმულირება მეღვინეობა-მევენახოების მიმართულების”, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ქვეყნის მასშტაბით იზრდება ვენახების ფართობიც.
„მთელი მსოფლიოს სხვადასხვა ბაზრების მასშტაბით, ექსპორტს ექცევა ძალიან დიდი ყურადღება. ჩვენ ამ მიმართულებით გავაგრძელებთ მუშაობას და ძალიან მახარებს ის, რომ უპირველეს ყოვლისა, თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება ევროკავშირთან იკრებს თანდათან ძალას და ევროპის მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი რაოდენობა მიდის ექსპორტზე. ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ ტრადიციულ ბაზრებზე ვართ წარმოდგენილი. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ახალ ბაზრებზე, როგორიც არის ჩინეთი, სადაც უკვე მიღწეული სავაჭრო შეთანხმება, ქართული ღვინის ექსპორტი უპრეცედენტოდ მაღალი სისწრაფით იზრდება. რაც ძალიან მახარებს და ვფიქრობთ, რომ ეს არის აბსოლუტურად ჯანსაღი პროცესი”, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.