სავჩენკო დამეთანხმა, რომ უკრაინის დელეგაციას მეტი ორგანიზებულობა და აქტიურობა მართებდა კენჭისყრაზე მომხრეთა (მათ შორის ჩვენი) კონსოლიდაციისთვი, - ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში (PACE) საქართველოს დელეგაციის წევრი ზვიად კვაჭანტირაძე სოციალურ ქსელ Facebook-ში, საკუთარ გვერდზე წერს და ნადია სავჩენკოსთან გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.
„ეს გახლავთ უკრაინელი გმირი ქალი, ყველასათვის კარგად ცნობილი ნადია სავჩენკო. იგი პირად საუბრებშიც ძალიან, ძალიან პოზიტიურ შთაბეჭდილებას ტოვებს. ამბობს, თუ პუტინი ისევ ომს დაიწყებს, აუცილებლად შტურვალს დავუბრუნდებიო. ძალიან თბილი თანამოსაუბრეა. ვთანხმდებით, რომ წარსულის მახინჯ პრაქტიკაზე უარი უნდა ვთქვათ და ასამბლეაში ერთმანეთს არა პარტიული, არამედ სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე აქტიურად უნდა დავუჭიროთ მხარი. დღეს უკრაინის დელეგაციის მიერ შემოთავაზებულ წერილობით რეზოლუციებს შევუერთდით. სწორედ ნადია სავჩენკომ მოგვმართა თხოვნით და ჩვენც, რა თქმა უნდა, შევუერთდით. რაც შეეხება გუშინდელ რეზოლუციას, უკრაინაში ადამიანის უფლებების დარღვევის შესახებ, რაზეც ჭორიკნებმა ერთი ამბავი ატეხეს, კენჭისყრის დროს ჩვენი დელეგაცია შვეიცარიის დელეგაციას ხვდებოდა და შესაბამისად, დარბაზში არ ვიმყოფებოდით, ადამიანის უფლებათა და იურიდიულ კომიტეტზე კი უკრაინელების ყველა შესწორებას დავუჭირეთ მხარი და გუშინ რეზოლუცია სწორედ ისეთი სახით გავიდა, რასაც მხარი დავუჭირეთ კომიტეტზე. სავჩენკო დამეთანხმა, რომ უკრაინის დელეგაციას მეტი ორგანიზებულობა და აქტიურობა მართებდა კენჭისყრაზე მომხრეთა (მათ შორის ჩვენი) კონსოლიდაციისთვის. დიახ, ეს მიღებული პრაქტიკაა აქაც. ქვეყანა, რომელსაც ინტერესი აქვს საკუთარი რეზოლუცია გაიტანოს, ამაზე მუშაობს აქტიურად. ჩვენთვის უკრაინელებიდან არავის მოუმართავს გუშინ არ გამოგვრჩენოდა კენჭისყრა დატვირთული დღის წესრიგის გამო. როგორც გითხარით, არანაირი კონტაქტი არ ყოფილა, მაგრამ ზემოხსენებულ კომიტეტზე მაინც აქტიურად დავუჭირეთ უკრაინელებს მხარი ყველანაირი თხოვნის გარეშე. დღეს კი ნადია სავჩენკოს თხოვნასაც ასევე სიამოვნებით გამოვეხმაურეთ და წერილობით რეზოლუციებს მივუერთდით ჩვენი ხელმოწერებით“, - აცხადებს კვაჭანტირაძე და დასძენს, რომ „ვინც ამ თემაზე სპეკულირება მოინდომა, უბრალოდ უსინდისოა“.
კვაჭანტირაძის აზრით, ამ თითიდან გამოწოვილი თემით წარმატებულად ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების გამო სტრასბურგში მიღებული უაღრესად პოზიტიური მესიჯების და მოლოცვების გადაფარვა ხდება.
საქართველოს დელეგაციის არცერთ წევრს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში უკრაინის მხარდამჭერ არცერთ რეზოლუციის კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია. კენჭისყრის შედეგები საპარლამენტო ასამბლეის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ უკრაინასთან დაკავშირებით ორი რეზოლუცია მიიღო. საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაცია სტრასბურგში მანანა კობახიძის, ეკა ბესელიას, ზვიად კვაჭანტირაძისა და გუგული მაღრაძის შემადგენლობით იმყოფება.