საკონსტიტუციო უმრავლესობა საშიშია, რადგან ხელისუფლება მიყავს ძალაუფლების მონოპოლიზაციისაკენ და საბოლოო ჯამში ეს ხალხისთვის მთავრდება ცუდად, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ოთარ კახიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, მისასალმებელია ოპოზიციური პარტიების ინციატივა, რომლებიც საზოგადოებას მოუწოდებენ, რომ მეორე ტურში „ქართული ოცნების“ კანდიდატებს არ დაუჭირონ მხარი.
„მივესალმები ამ ინიციატივას, ამის შესახებ განცხადება გააკეთა „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერმა დავით ბერძენიშვილმაც და რამდენიმე პარტიამ. კარგი იქნება თუ საკონსტიტუციო უმრავლესობა არ ექნება „ქართულ ოცნებას“. ყველაფერს მეორე ტური გვიჩვენებს. მაგრამ მეორე ტურამდე უნდა მივიდეთ მშვიდად“, - განაცხადა კახიძემ.
მისი თქმით, ის შეცდომები, რომელიც „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ საკუთარი მმართველობის პერიოდში დაუშვა, სწორედ პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობით მოსვლის შედეგად მოხდა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში ის შეცდომები, რომელიც იქნა დაშვებული და რომელმაც დიდწილად განაპირობა ის, რომ 2012 წელს ქართველმა ამომრჩეველმა ნდობა არ გამოუცხადა „ნაციონალურ მოძრაობას“, განპირობებული იყო სწორედ გაწონასწორებისა და დაბალანსების მექანიზმის არარსებობით. ხელისუფლებას არ ჰყავდა მაკონტროლებელი იმ დონეზე, როგორც უნდა ყოლოდა, სწორედ აქედან გამომდინარე საკონსტიტუციო უმრავლესობა საშიშია რადგან ხელისუფლება მიყავს ძალაუფლების მონოპოლიზაციისაკენ“, - განაცხადა ოთარ კახიძემ.