„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერის დავით თარხან-მოურავის განცხადებით, უკვირს საერთაშორისო დამკვირვებლების და ცალკეული პარტიების შეფასებები, რომ არჩევნებმა სამართლიან გარემოში ჩაიარა. დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე მან ასევე აღნიშნა, რომ მიუხედავად უამრავი კითხვის ნიშნისა მისი პოლიტიკური ძალა პარლამენტში შევა.
“საერთაშორისო ორგანიზაციები მეტ-ნაკლებად პოზიტიურად აფასებენ არჩევნებს, რაც გასაკვირია. უფრო გასაკვირია, რომ პარტიების უმრავლესობამაც მეტ-ნაკლებად პოზიტიურად შეაფასა, მათ შორის ვინც ბარიერი ვერ გადალახა. ჩვენ ვცდილობთ ყველა სიტყვა იყოს მოზომილი. არჩევნების შედეგებით არ ვართ კმაყოფილი. არის უამრავი კითხვის ნიშანი. ჩემთვის გაუგებარია, რანაირად შეიძლება აჭარაში ავიღოთ 8 000 ხმა, როცა ბათუმში მიტინგზე იყო 28 000 იყო მოსული. ჩემთვის გაუგებარია, როგორ შეიძლება 280 000 ადამიანი ხელშეკრულებას გიდებდეს, რომ ხმას მოგცემს და ცესკო გეუბნება 100 000 ხმა აიღეო. ისე არ უნდა გამოჩნდეს, რომ მარტო ჩვენ ვართ უკმაყოფილო. პარლამენტში შევალთ, მაგრამ კითხვის ნიშნები უამრავია“, - განაცხადა თარხან მოურავმა.
მისივე ინფორმაციით, „პატრიოტთა ალიანსი“ 22 ნოემბერს ყრილობას გამართავს.