15:00 საათის მონაცემებით, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსს“ ხმების 4,998% პროცენტი აქვს მიღებული. ცესკო-ს სპიკერ ანა მიქელაძის თქმით, 19 დღის განმავლობაში იქნება ცნობილი თითოეული საარჩევნო სუბიექტის მიერ ზუსტად მიღებული ხმების რაოდენობა.
„ცესკო ამუშავებს მონაცემებს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს თითოეული მონაცემის შემოწმების პროცესი. გარდა ამისა, ოლქებში შეტანილია საჩივრები და მიმდინარეობს საჩივრების განხილვა. მოცემული მონაცემები არ არის საბოლოო, რადგან კანონმდებლობით გათვალისწინებულია 19 დღე. 19 დღის განმავლობაში იქნება ცნობილი თითოეული საარჩევნო სუბიექტის მიერ ზუსტად მიღებული ხმების რაოდენობა და პროცენტული მაჩვენებლები მეასედების და მეათასედების ჩათვლით. 15:00 საათის მონაცემებით, „საქართველოს პატრიორტთა ალიანსს“ მიღებული აქვს 88 132 ხმა, ეს არის 4,998%. აღნიშნული პროგრამამ ავტომატურად დაამრგვალა, რადგან სადღაც ხომ უნდა გაჩერდეს. ელემენტარული მათემატიკა არის. თუმცა ამ წუთის მონაცემებით, 4,998% არის თუ არა საკმარისი იმისთვის, რომ აღნიშნულმა პარტიამ გადალახოს 5%-იანი ბარიერი, თუკი მონაცემები არ იქნება შეცვლილი, ამაზე საარჩევნო ადმინისტრაცია, ცესკო იმსჯელებს და პასუხი იქნება ცნობილი“, - განმარტა ანა მიქელაძემ.