დილიდან რამდენიმე დარღვევა დაფიქსირდა აჭარაში. ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, პეტრე ზამბახიძე, მმართველი გუნდიდან დაგეგმილ პროვოკაციებზე საუბრობს და ირწმუნება, რომ ქართული ოცნება ნაციონალური მოძრაობის მაისურებით საარჩევნო უბნებში შეჭრას გეგმავს.
„გვაქვს ინფორმაცია, რომ ქართული ოცნება გეგმავს პროვოკაციას და ნაციონალური მოძრაობის მაისურებით გეგმავს საარჩევნო უბნებზე შევარდნას და დარბევას, რათა ეს ყველაფერი დაბრალდეს ნაციონალურ მოძრაობას. მე მოვუწოდებ მათ, რომ გონს მოეგნონ. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ აპირებენ ელექტროენერგიის გათიშვას ქალაქში, რათა ხმების დათვლის დროს ხელსაყრელი პირობები ჰქონდეს. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, რომ ხელი აიღონ უკანონობაზე, იმ დარღვევებზე, რასაც გეგმავენ,“ - განაცხადა პეტრე ზამბახიძემ.
ცოტა ხნის წინ ინციდენტი მოხდა ბათუმის ერთ-ერთ საარჩევნო უბანთან. ბორის მაისურაძის ცემის ფაქტზე დაწყებულია გამოძიება, რომელიც, სავარაუდოდ, ქართული ოცნების აქტივისტია.
როგორც ნაცემი ბორის მაისურაძე აცხადებს, ის ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე და მისი საუბარი გარკვეული პირებისთვის გამაღიზიანებელი აღმოჩნდა, რის გამოც მას ფიზიკურად გაუსწორდნენ.