„ჩვენი მომხრეების აქტიურობის შემთხვევაში ჩვენ პოლიტიკურ სამარეში საბოლოოდ გავისტუმრებთ „ნაციონალური მოძრაობის“ ჭირს“, აღნიშნულის შესახებ განცხადება „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ გააკეთა.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა ჩვენი მომხრე მოვიდეს არჩევნებზე და ის, რაც ახლა მარნეულში ხდება, ამის დადასტურებაც გახლავთ. მე მივმართავ ხელისუფლებას, ყველაფერი გააკეთოს, რომ მარნეულში შენარჩუნდეს მშვიდობა და სტაბილურობა. ეს ორი საათი გვაძლევს შანსს მთელ საქართველოს, რომ აღარასოდეს აღარ მოხდეს ქვეყანაში უსამართლობა და არ იყოს კოჰაბიტაცია დამნაშავეებთან. ახლა იმ ადამიანების არჩევანზეა დამოკიდებული ყველაფერი, ვინც ჯერ არჩევნებზე არ მისულა. „ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობის“ მეორე ადგილზე გასვლა არის თითოეული იმ ადამიანის შესაძლებლობა, მხარდაჭერის შემთხვევაში, რომ მართლაც გააკეთოს ისტორიული არჩევანი და ჩვენ მოგვეცეს შესაძლებლობა იმისა, რომ ქვეყანა სწორ გზაზე დავაყენოთ. არც ერთი ცარიელი ბიულეტენი, მიდით არჩევნებზე და გააკეთეთ სწორი არჩევანი“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.