საგარეჯოს საარჩევნო ოლქის N5 საარჩევნო უბანზე, დილის 7–დან 8 საათამდე კენჭისყრის შენობაში ერთ–ერთი საერთაშორისო ორგანიზაციის დამკვირვებლები არ შეუშვეს. ამ ფაქტთან დაკავშირებით საგარეჯოს საოლქო საარჩევნო კომისიას საჩივრით „სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენელმა მიმართა.
საჩივარში არ არის აღნიშნული, რომელი საერთაშორისო ორგანიზაციის დამკირვებლები არ შეუშვეს კენჭისყრის შენობაში. დამკვირვებლის განმარტებით, ის კენჭისყრის შენობაში იმყოფებოდა და ვიდრე უბანი არ გაიხსნა, გარეთ ვერ გავიდა.
საგარეჯოს საოლქო – საარჩევნო კომისიის თავჯდომარის ზურაბ მღებრიშვილის განცხადებით, როდესაც უბანზე საერთაშორისო ორგანიზაციის დამკვირვებლები მივიდნენ, კენჭისყრის შენობაში უკვე მიმდინარეობდა კენჭისყრის დაწყებამდე ჩასატარებელი პროცედურები, რის გამოც ისინი შენობაში დროებით ვერ შეუშვეს.