სენაკში „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატები კობა ნაყოფია და სანდრა რულოვსი მოსახლეობას ხვდებოდნენ, რა დროსაც მათთან ბუტა რობაქიძის დედა, ია მეტერეველი მივიდა, რომელმაც სანდრა რულოვსს მისი შვილის მკვლელობა შეახსენა.
„დიდი ხანია მინდოდა თვალებში ჩამეხედა თქვენთვის. არასოდეს სინანული არ გამოგიხატავთ ჩემს მიმართ, გასამრავლებელი ბიჭები რომ გაჟლიტეთ,“ - მიმართა ია მეტრეველმა სანდრა რულოვსს.
"მე არ უნდა დამაბრალოთ და არ უნდა მითხრათ, რომ სისხლში ვდგავარ, -ასე უპასუხა სანდრა რულოვსმა ია მეტრეველის ბრალდებას.
მისი თქმით, არიან ადამიანები, ვინც სიმწარე ნახეს მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში და ეს ურთელესი საკითხია.
„არიან ადამიანები, ვინც დიდი სიმწარე ნახეს იმ დროს როცა მიშა იყო. ეს არის ურთულესი საკითხი, რომელიც მას შეეხო და ძალიან ვწუხვარ ამისთვის, მაგრამ ეს დღევანდელ შეხვედრასთან და ჩემს პოლიტიკაში შესვლასთან არანაირ კავშირში არ არის. ჩვენ გვინდა მეტი კარგი საქმე გავაკეთოთ და რაც იყო ცუდი, წარსულში დავტოვოთ. მე არ უნდა დამაბრალოთ და არ უნდა მითხრათ, რომ სისხლშო ვდგავარ“,- განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა.
სანდრა რულოვსმა მოსახლეობასთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ მას უნდა ის შეცდომები, რომელიც იყო წარსულში, წარსულშივე დარჩეს.
„მე მოვდივარ სუფთა ხელებით პარლამენტში. კეთილი საქმის მეტი არაფერი არ გამიკეთებია. მინდა, რომ ის შეცდომები, რომელიც იყო წარსულში, დარჩეს წარსულში“,- განაცხადა სანდრა რულოვსმა.