1 ნოემბრიდან, როსტოვი-თბილისი-როსტოვის საჰაერო ხაზზე ოპერირებას დაბალ ბიუჯეტიანი ავიაკომპანია „პობედა ეარლაინზი“ იწყებს. რეისები კვირაში 3 სიხშირით, ყოველ სამშაბათს, ხუთშაბათსა და შაბათს Boeing 737-800 ტიპის საჰაერო ხომალდით განხორციელდება.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანიას ფრენების შესრულებისათვის აუცილებელი ნებართვა უკვე მიენიჭა. რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელების მიზნით სააგენტოში შემოტანილი განაცხადის მიხედვით, „პობედა ეარლაინზი“ ოპერირებას ზამთრის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე - 2017 წლის 25 მარტამდე გეგმავს.
ახალი მიმართულება გაამარტივებს და ხელმისაწვდომს გახდის რუსეთის ფედერაციაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების და ტურისტების გადაადგილებას საქართველოს ქალაქებისა და ტურისტული ზონების მიმართულებით.
საქართველოსა და რუსეთის საავიაციო ხელისუფლებებს შორის 2015 წლის აპრილში გამართული ტექნიკური კონსულტაციების შედეგად, ქართულ ავიაკომპანიებს რეგულარული ფრენების განხორციელების უფლება რუსეთის 7 ქალაქში, კერძოდ მოსკოვში, პეტერბურგში, სამარაში, ეკატერინბურგში, სოჭში, როსტოვსა და მინვოდში მიეცათ. რუსული კომპანიებისათვის კი თბილისის გარდა გაიხსნა ბათუმისა და ქუთაისის მიმათულებები.