სს „საპარტნიორო ფონდი“ კანადური საინვესტიციო ფონდის “გაზელ ფონდის” (Gazelle Fund) პარტნიორი ხდება. შესაბამის შეთანხმებებს „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ, “გაზელ ფონდის” მმართველი პარტნიორის - Gazelle Finanace LLC-ის მენეჯერმა ჯეფრი ლიბერტიმ, ჰოლანდიის სახელმწიფო საინვესტიციო ფონდის DGGF და ჰოლანდიის განვითარების ბანკის FMO წარმომადგენლებმა მოაწერეს ხელი.
ხელმოწერის ცერემონიას ვიცე პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი დაესწრო.
„გაზელ ფონდი“ მცირე და საშუალო ბიზნესებს დააფინანსებს. ბიზნესებს, რომლებმაც წარმატებას მიაღწიეს და სწრაფი განვითარების პოტენციალი აქვთ. შეთანხმების მიხედვით საქართველოში ალტერნატიული ფინანსური რესურსების წყარო გააჩენდება, რაც ახალი ბიზნესების წამოწყებისა და შესაბამისად ახალი სამუშაო ადგილების, შემოსავლებისა და ეკონომიკური ზრდის გარანტორი იქნება და ამაში საკუთარ წვლილს საპარტნიორო ფონდი შეიტანს.
გაფორმებული დოკუმენტის თანახმად სს “საპარტნიორო ფონდი”, როგორც Gazelle Fund-ის ერთ-ერთი პარტნიორი, ფონდის კაპიტალში 6 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტირებით შედის. Gazelle Fund-ის კაპიტალი საწყის ეტაპზე 27,5 მლნ დოლარია, ხოლო შემდგომ მისი საინვესტიციო მოცულობა გაიზრდება 70 მლნ აშშ დოლარამდე, საიდანაც მინიმუმ 60% საქართველოში დაიხარჯება.
ფონდს მართავს აშშ-ში რეგისტრირებული კომპანია Gazelle Finanace, ფონდის პარტნიორები არიან ჰოლანდიის სახელმწიფო საინვესტიციო ფონდი DGGF და ჰოლანდიის განვითარების ბანკი FMO.
ფონდს პარტნიორებთან ერთად აფინანსებს აშშ-ის მთავრობის განვითარების საფინანსო ინსტიტუტი - „უცხოეთის კერძო საინვესტიციო კორპორაცია“ OPIC, რომელმაც ფონდს სესხის სახით გამოუყო 21 მილიონი აშშ დოლარი.
ეს არის პირველი შემთხვევა, როცა საპარტნიორო ფონდი ინვესტიციას დებს საერთაშორისო კონსორციუმში, რომელიც მეტწილად ფოკუსირებული იქნება საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესში ინვესტიციების განხორციელებით.