28 სექტემბერს, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ჰაიკე რენატე ფაიჩს შეხვდა.მინისტრმა და ელჩმა შეაჯამეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში გასული წლების განმავლობაში არსებული დინამიკა და ისაუბრეს სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე.
ნოდარ ხადურმა ელჩს მადლობა გადაუხადა იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობა, მათ შორის გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მეშვეობით უწევს საქართველოს ენერგეტიკის, კომუნალური ინფრასტრუქტურის (წყალმომარაგება და წყალარინების სისტემები, მყარი ნარჩენების მართვა), სოფლის მეურნეობის, განათლების, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების, დევნილთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების, გარემოს დაცვისა და ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერების მიმართულებით.
მხარეებმა, ასევე, ისაუბრეს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით, ფინანსთა სამინისტროში მიმდინარე პროექტებზე, მათ შორის, საჯარო ფინანსების მართვის, სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის სისტემის გაძლიერების მიმართულებით.
მინისტრმა ხაზი გაუსვა იმ მნიშვნელოვან როლს, რომელსაც ორი ქვეყნის ურთიერთობების განვითარებაში ასრულებენ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საქართველოში წარმოდგენილი სხვადასხვა სტრუქტურები თუ ორგანიზაციები.შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მნიშვნელობას და ვიზალიბერალიზაციის გზაზე ქვეყნის მიერ მიღწეულ პროგრესს.