საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიერ დაარსებული საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის ორგანიზებით 2016 წლის 1-3 დეკემბერს, თბილისში არბიტრაჟის დღეები გაიმართება. ღონისიება არის წამყვანი კონფერენცია არბიტრაჟის მიმართულებით საქართველოში და მთელს რეგიონში. 2014 და 2015 წლებში წარმატებულად ჩატარებული კონფერენციების შემდეგ სამდღიანი ღონისძიების ფარგლებში მოხსენებით გამოვლენ სტუმრები მთელი მსოფლიოდან. არბიტრაჟის წამყვანი საერთაშორისო ექსპერტები დავების ეფექტური გადაწყვეტის თანამედროვე ტენდენციებზე ისაუბრებენ.
კონფერენციაზე მომხსენებლებად მოწვეულნი არიანმსოფლიოს წამყვანი ექსპერტები. მათ შორის: ხოსე რიკარდო ფერისი (ICC -ს გენერალური მდივნის მოადგილე), ანეტ მაგნუსონი (სტოკჰოლმის სავაჭრო პალატის საარბიტრაჟო ინსიტუტის გენერალური მდივანი ), ჩარლზ ნაირაკი (With&Case-ის პარტნიორი), იას ბანიფატემი (Sherman & Sterling LLP-ის პარტნიორი), პატრიცია შონესი (სტოკჰოლმის უნივერსიტეტის პროფესორი) და სხვა საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები.
კონფერენციის ძირითადი მიზანი პრაქტიკოსი იურისტებისათვის, სტუდენტებისთვის, აკადემიური წრეების წარმომადენლებისთვის და ზოგადად ამ საკითხით დაინტერესებული პირებისთვის არბიტრაჟის სფეროში არსებული სიახლეების გაცნობაა. ამასთან, როგორც საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრში აცხადებენ, აღნიშნული კონფერენცია, ისევე როგორც ცენტრის მიერ განხორციელებული სხვა აქტივობები, მიმართულია საქართველოს რეგიონული არბიტრაჟის ლიდერად ჩამოყალიბებისკენ.
კონფერენცია ოფიციალურად არბიტრაჟის შესახებ ქართულ ენაზე მომზადებული განმარტებითი ლექსიკონის პრეზენტაციით გაიხსნება, რომელიც გაეროს განვითარების პროგრამისა და ევროკავშირის დახმარებით შემუშავდა. კონფერენციის მეორე და მესამე დღეს, მონაწილეები შეხვდებიან არბიტრაჟის წამყვან ექსპერტებს, გაცვლიან მოსაზრებებს მნიშვნელოვან საკითხებზე, დასვამენ კითხვებს და მოისმენენ მსოფლიოს წამყვანი იურისტების პასუხებს მათთვის საინტერესო თემებზე. კონფერენციას მესამე დღეს ICC YAF-ის ღონისძიება დაასრულებს.
2016 წლის კონფერენციის მხარდამჭერები არიან: საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა, მიუნხენისა და ზემო ბავარიის სავაჭრო-სამრეწველო პალატა, ევროკავშირი და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) „მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება და ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების სისტემის განვითარება საქართველოში“, იურიდიული კომპანია „ნოდია, ურუმაშვილი და პარტნიორები“, იურიდიული კომპანია „BLC“.