სოხუმის დაცემის დღიდან 23 წელი გავიდა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ მინისტრებთან ერთად
გმირთა ხეივანში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგო. მთავრობის წევრებმა, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან და აჭარის საკანონმდებლო ორგანოსა და ქალაქის თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ჟიული შარტავას მემორიალი ყვავილებით შეამკეს და ომში დაღუპული გმირები გაიხსენეს.
ღონოსძიებაზე დაღუპულთა მოსახსენიებელი პანაშვიდი გაიმართა.
ბათუმის მერიის ინიციატივით, თარიღთან დაკავშირებით აფხაზეთის ომში დაზარალებულთა და ომში დაღუპულთა და 70-ზე მეტ ოჯახს ერთჯერადი მატერიალური დახმარების სახით 300 ლარის ოდენობის თანხა გადაეცემათ.
27 სექტემბერი საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღეა. სოხუმი 23 წლის წინ, 1993 წლის 27 სექტემბერს დაეცა.
სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. კონფლიქტი ქართულ სამთავრობო ჯარებსა და აფხაზ სეპარატისტთა ძალებს შორის 13 თვესა და 13 დღეს გრძელდებოდა.
სოხუმისთვის გადამწყვეტ ბრძოლას 27 ივლისს სოჭში ცეცხლის შეწყვეტისა და და სამხედრო ტექნიკის კონფლიქტის ზონიდან გაყვანის შესახებ დადებული შეთანხმება უძღოდა, თუმცა აფხაზური მხრიდან ის 16 სექტემბერს დაირღვა.
ქართული მხარის ამ დრომდე დაუზუსტებელი მონაცემებით, 10 ათასზე მეტი ქართველი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. 300 ათასი აფხაზეთიდან დევნილი კი უსახლკაროდ დარჩა.
სოხუმის დაცემის დღეს რუსმა ოკუპანტებმა და აფხაზმა სეპარატისტებმა აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ჟიული შარტავა 30-მდე ქართველთან ერთად დახვრიტეს.