27 სექტემბერს, 14:00 საათზე, კომპანია ჰაიდელბერგცემენტის კასპის ქარხანაში, საფუძველი ჩაეყრება 100 მილიონი აშშ დოლარის საინვესტიციო პროექტს, რომელიც გულისხმობს კასპის ცემენტის ქარხნის სრულ მოდერნიზაციას და კლინკერის წარმოების მშრალი ხაზის მშენებლობას ცერემონიალს დაესწრება საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, საქართველოს ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, გერმანიის ელჩი საქართველოში დოქტორ ჰაიკე პაიჩი, ჰაიდელბერგცემენტის ჯგუდის ჩრდილო-აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორი და კომპანიის დირექტორთა საბჭოს წევრი დოქტორი ალბერტ შოიერი, ჰაიდელბერგცემენტ კაუკასუსის გენერალური დირექტორი, მიხაელ ჰამპელი და მედიის წარმომადგენლები.
აღნიშნული საინვესტიციო პროექტი უზრუნველყოფს წარმოების პროცესის კიდევ უფრო მაღალ სტანდარტსა და ეფექტურობას. უახლესი ტექნოლოგიების დანერგვის გარდა, პროექტი ხელს შეუწყობს ქვეყნის სავაჭრო ბალანსის გაუმჯობესებას და ყველანაირი გარემოსდაცვითი სტანდატის დაცვას. ჰაიდელბერგცემენტ კაუკასუსის საწარმოების გადაიარაღების და განვითარების პროექტი 2016-2018 წლებში განხორციელდება.
ჰაიდელბერგცემენტ კაუკასუსი ჰაიდელბერგცემენტ ჯგუფის შვილობილი კომპანიაა, რომელიც საქართველოში ცემენტის წარმოების ბაზრის ლიდერია. ჰაიდელბერგცემენტ ჯგუფი მსოფლიოს მასშტაბით სამშენებლო მასალების ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელია, რომელსაც წამყვანი პოზიცია უკავია ინერტული მასალების, ცემენტის და ბეტონის წარმოების კუთხით. კომპანიის კუთვნილ 3000 საწარმოში, რომლებიც მსოფლიოს 60 ქვეყანაშია განთავსებული, 63000 თანამშრომელია დასაქმებული.
ჰაიდელბერგცემენტმა საქართველოში ბიზნეს აქტივობები 2006 წელს დაიწყო. ბიზნესის განვითარების 10 წლიანი უწყვეტი პროცესის შედეგად, დღეის მდგომარეობით კომპანია საქართველოში 3 ინტეგრირებული ცემენტის ქარხნით არის წარმოდგენილი (კასპსა და რუსთავში), ასევე ფლობს ცემენტის საწარმოს ფოთში და ცემენტის ტერმინალს შავი ზღვის სანაპირო ზოლზე. კომპანიის მიერ წარმოებული ცემენტის წლიური მოცულობა 2 მლნ ტონას აჭარბებს და გამოირჩევა მაღალი ხარისხით.
ცემენტის არსებულ საწარმოს საქართველოს ბაზარზე პოზიციებს უმყარებს საკუთარი, 12 ბეტონის ქარხნისგან შემდგარი ქსელი, რომლებიც ჯამში წლიურად 700.000 მ³ ბეტონს აწარმოებენ. თავის მხრივ, ბეტონის წარმოებისთვის ქვიშისა და ინერტული მასალების მიწოდება ნაწილობრივ უზრუნველყფილია ბათუმსა და თბილისში განთავსებული ინერტული მასალების მწარმოებელი ქარხნებით.