ჩინეთის საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობის საბჭოსა და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით თბილისში, სასტუმრო „ჰუალინგში“ ბიზნეს-ფორუმი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა 80-მდე ქართული და ჩინური კომპანიის წარმომადგენლებმა მიიღეს. ფორუმის მთავარი მიზანი ბიზნესის პოტენციურ ინვესტორებთან დაკავშირება და საქართველოსა და ჩინეთს შორის პროდუქციის ექსპორტის კუთხით თანამშრომლობის გაღრმავება იყო.
ღონისძიების პირველ ნაწილში შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა - ნინო ჩიქოვანმა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა- ლევან დავითაშვილმა მიმართეს. მათ ყურადღება გაამახვილეს ორი ქვეყნის ეკონომიკურ ურთიერთობებზე და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივაზე. სწორედ ამ კონტექსტში, ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა- ნინო ჩიქოვანმა და ჩინეთის საერთაშორისო ვაჭრობის ხელშედწყობის საბჭოს ვიცე-თავმჯდომარემ- უანგ ჟინჩენმა თანამშრომლობის ხელმოწერილი მემორანდუმები გაცვალეს.
დოკუმენტის მიხედვით, მხარეები ერთობლივ ღონისძიებებს დაგეგმავენ, რომელიც ორ ქვეყანას შორის ექსპორტის კუთხით ახალი პერსპექტივების გაჩენას შეუწყობს ხელს. უახლოეს პერიოდში გაიწერება კონკრეტული, სამ წლიანი გეგმა, რომლის მიხედვითაც ხელმომწერი მხარეები ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში იხელმძღვანელებენ.
სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა და სოფლის მეურნების მინისტრმა სიტყვით გამოსვლის დროს ჩინეთის პრეზიდენტის ინიციატივის - „ერთი გზა - ერთი სარტყელის“ მნიშვნელობაზეც ისაუბრეს, რომელიც ისტორიული აბრეშუმის გზის ქვეყნების (და არამარტო) ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებისკენ არის მიმართული. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა ამ ინიციატივის განხორციელების პროცესში აქტიურად არის ჩართული და სულ მალე სინძიანის პროვინციაში, სწორედ ამ პროექტის ფარგლებში გახსნილ სერვის ცენტრში დაიწყებს მუშაობას.
საინვესტიციო ფორუმის ფარგლებში გაიმართა ბიზნესის ორმხრივი შეხვედრებიც.
ასევე, საქართველოსა და ჩინეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატების ორგანიზებით, 2016 წლის 27 სექტემბერს, 10 საათზე, საგამოფენო ცენტრ „ექსპო-ჯორჯიას“ 11-ე პავილიონში ჩინეთის საექსპორტო პროდუქციის გამოფენა გაიმართება. გახსნის ოფიციალურ ცერემონიალზე სიტყვით საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი, სოფლის მეურნეობის მინისტრი და ჩინეთის საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე წარსდგებიან. გახსნის ცერემონიალს დაესწრებიან ასევე: საქართველოს ბიზნეს-ასოციაციის პრეზიდენტი- ირაკლი ასლანიშვილი და საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე- ნათია თურნავა. გამოფენაში მონაწილეობას 80-მდე ჩინური კომპანია იღებს. მათ შორის ტექსტილის, ელექტრონული ტექნიკის, სამედიცინო მოწყობილობების, საოჯახო პროდუქციისა და აქსესუარების მწარმოებლები, ასევე აგრო-სექტორი.
ღონისძიების პარტნიორები საქართველოს ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროები არიან. გამოფენა 2016 წლის 30 სექტემბრამდე გაგრძელდება.