ბათუმში შტორმის შედეგად დაზიანებული სანაპიროს აღდგენა იწყება. როგორც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი რამაზ ბოლქვაძე აცხადებს, სანაპირო ზოლის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლა უკვე დასრულებულია.
„მზად არის პროექტი, რომელიც იტალიურმა საკონსულტაციო კომპანიამ შექმნა და ნაპირსამაგრი ნაგებობის მშენებლობა სწორედ აღნიშნული პროექტის მიხედვით განხორციელდება.
ამ დროისთვის მიმდინარეობს ტენდერი სამშენებლო კომპანიის შერჩევის მიზნით, რომლის დასრულების შემდეგ სამშენებლო პროცედურები დაიწყება“, განაცხადა მინისტრმა.
აღსანიშნავია, რომ ბულვარის სანაპრო ზოლი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა რამაზ ბოლქვაძემ დღეს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.
რამაზ ბოლქვაძის განმარტებით, 2 კილომეტრამდე ნაპირსამაგრი ნაგებობის მშენებლობის პროექტს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს.
სამუშაოების ფარგლებში აეროპორტიდან ჟილინის არხამდე ნაპირსამაგრი ნაგებობა აშენდება. დაგეგმილია ჭოროხის აუზის შესწავლა/მონიტორინგი. პროექტის ფარგლებში ასევე იქ არსებული ნაშალი მასალის გამოკვლევის სამუშაოები ჩატარდება. პროექტით ქვიშა-ხრეშის რეცირკულაცია მოხდება,რაც ჩრდილოეთ სანაპიროდან სამხრეთში ქვიშა-ხრეშის გადატანას გულისხმობს. აღნიშნული სამუშაოები სამხრეთ ზოლში პლაჟის მოწყობას შეუწყობს ხელს.
ნაპირგამაგრებითი სამუშაოები აზიის განვითარების სესხით განხორციელდება. საერთო თანხა დაახლოებით 38 მლნ ლარია. სამუშაოები 18 თვეში დასრულდება.