სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა და შპს “საქაერონავიგაციის“ პირველმა პირებმა დღეს ამბროლაურის აეროპორტის მშენებარე ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს.
სააგენტოს დირექტორი გურამ ჯალაღონია ადგილზე გაეცნო აეროდრომის უსაფრთხო ფუნქციონირების და მის დადგენილ სტანდარტებთან შესაბამისობის კუთხით გატარებულ და დაგეგმილ სამუშაოებს. აეროდრომის სასერტიფიკაციო მოთხოვნების დაკმაყოფილებისა და ფრენების უსაფრთხოდ შესრულების მიზნით, სააგენტოს სპეციალისტებმა, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, უკვე შეაფასეს ამბროლაურის აეროდრომის მშენებლობისათვის განსაზღვრული ტერიტორიის და მისი შემოგარენის ბუნებრივი პირობები (ადგილის თავისებურება, დაბრკოლებები, გასაკონტროლებელი საჰაერო სივრცე, გარემოს დაცვის მოთხოვნები და სხვა). გაიცა შესაბამისი რეკომნდაციებიც, რომლებიც სრულად არის გათვალისწინებული.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ამბროლაურის აეროპორტის გახსნას სექტემბრის ბოლოს გეგმავს. ტერმინალისა და ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მშენებლობას შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ ხელმძღვანელობს. სააერნაოსნო მომსახურების საწარმო - შპს „საქაერონავიგაცია“ კი აეროდრომის ტერიტორიაზე სამეთვალყურეო კოშკს ააგებს და თანამედროვე სანავიგაციო სისტემებს დაამონტაჟებს