არაევროკავშირის წევრი ქვეყნების ავიაკომპანიების ავტორიზაციის პროცესის ფარგლებში (EU safety authorization for foreign air operators – PART-TCO), ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტომ (EASA) ქართულ სატვირთო ავიაკომპანია „TCA“-ზე საჰაერო უსაფრთხოების ერთიანი ნებართვა გასცა. ავტორიზაციის საფუძველზე, ავია-გადამზიდს უფლება ენიჭება ერთი ცენტრალიზებული ნებართვით ოპერირება განახორციელოს EASA-ს წევრ ევროკავშირის 28 და თავისუფალი ვაჭრობის ევროპული ასოციაციის 4 ქვეყანაში.
ნებართვა ადასტურებს საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სრულ შესაბამისობას საავიაციო უსაფრთხოების ICAO-ს სტანდარტებთან, ამასთანავე მოწმობს ქვეყნის მიერ ფრენების უსაფრთხობის ნორმების დაცვის და ზედამხედველობის მაღალ ხარისხზე (სხვა ელემენტებთან ერთად ავტორიზაციის პროცესში ყურადღება ექცევა ICAO-ს აუდიტის დროს გამოვლენილ შედეგებს). ნებართვა ძალაშია მანამ სანამ ოპერატორი აკმაყოფილებს PART-TCO რეგულაციის სტანდარტებს ან საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის მოწმობის გამცემი სახელმწიფო (საქართველო) არ შეაჩერებს ან გააუქმებს შესაბამისი სერტიფიკატის მოქმედებას. 2016 წლიდან, EASA-ს ავტორიზებული ნებართვის ქონა სავალდებულოა ნებისმიერი მესამე ქვეყნის ოპერატორისთვის, რომელსაც სურვილი აქვს იფრინოს ევოკავშირის ტერიტორიაზე (არა აქვს მნიშვნელობა ადრე ოპერირებდა თუ არა EU-ს ტერიტორიაზე).
ავიაკომპანია „TCA” 2012 წელს დაარსდა და კომერციული სატვირთო გადაზიდვების გარდა, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის მისიაში (ISAF NATO, DoD ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტი, UNHCR) მონაწილეობს. ოპერატორის ფლოტი 5 თვითმფრინავისაგან (ორი Boeing 747 და სამი Airbus 300) შედგება. საჰაერო ხომალდები ქართული საფრენოსნო და ტექნიკური პერსონალით არის დაკომპლექტებული.
EASA-ს საჰაერო უსაფრთხოების ერთიანი ნებართვის ქონა გააადვილებს „TCA”-ის ოპერირებას ევროპულ საავიაციო ბაზარზე და ხელს შეუწყობს ავიაკომპანიის შემდგომ განვითარებას.
„TCA” მეორე ქართული ავიაკომპანიაა, რომელიც ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს საჰაერო უსაფრთხოების ერთიანი ნებართვას ფლობს. მიმდინარე წლის ივნისში EASA-ს ავტორიზაცია „ჯორჯიან ეარვეისმა“ მოიპოვა.