საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია ფრეზერის ინსტიტუტის (Fraser Institute) კვლევის 2016 წლის მონაცემებით, მსოფლიოს 159 ქვეყანას შორის, ეკონომიკური თავისუფლების მხრივ, საქართველო პირველად არის მე-5 ადგილზე–ამის შესახებ საქართველოს პრემიერ–მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, აღნიშნულ კვლევაში საქართველოს ლიდერ პოზიციაზე ყოფნა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რაც ხელს შეუწყობს ინვესტიციების მოზიდვას ქვეყანაში.
„ამ შედარებით ინდექსში საქართველო მე-5 ადგილზე იმყოფება ისეთი ქვეყნების შემდეგ, როგორიცაა: ჰონგ კონგი, სინგაპური, ახალი ზელანდია, შვეიცარია და მეხუთე არის საქართველო. ესა ძალიან დიდი წინსვლა. მინდა, შედარებისთვის ვთქვა, რომ 2015 წელს ჩვენ ვიყავით მე-12 პოზიციაზე, 2014 წელს - მე-16 ადგილზე, 2013 წელს - 21-ე ადგილზე, 2012 წელს კი 53-ე პოზიციაზე. ჩვენ გვაქვს დიდი პროგრესი, რომელიც განპირობებულია ისეთ სფეროებში წინსვლით, როგორიცა ფინანსების ხელმისაწვდომობა, საკანონმდებლო სისტემისა და საკუთრების უფლების დაცვა და სხვა მიმართულებები. ეს არის ძალიან დიდი წინსვლა საქართველოს საერთაშორისო იმიჯისთვის,“– განაცხადა პრემიერმა.