პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში უკვე 202 საწარმოა მხარდაჭერილი, რომელთა რიცხვს კიდევ ერთი, კომპანია შპს. „თბილცემენტ გრუპი“ შეემატება.
კომპანია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით პროდუქციის ასორტიმენტის გაზრდასა და საწარმოს გაფართოებას შეძლებს.
შპს „თბილცემენტ გრუპი“ ISO სერთიფიკატს ფლობს და ორიენტირებულია „ბეტონის პანელების“ წარმოებასა და მონტაჟზე, რომელიც გამოირჩევა ენერგოეფექტურობის მაღალი მაჩვენებლით და ასევე ადგილობრივი წარმოება და სწრაფი მოწოდება ამცირებს სამშენებლო რისკებს.
საწარმო, რომლის ოფიციალური გახსნა 2017 წლის სექტემბერში იგეგმება, საწყის ეტაპზე დაასაქმებს 61 ადამიანს. ამასთანავე აღსანიშნავია, რომ კომპანია „თბილცემენტ გრუპი“ , სამიზნე ბაზრად განიხილავს საქართველოს ტერიტორიაზე მიმდინარე ნებისმიერ საშუალო თუ მსხვილი მშენებლობის პროექტს, თუმცა პირველ ეტაპზე აქცენტი გაკეთდება თბილისში მიმდინარე და დაგეგმილ მშენებლობებზე.
შპს. „თბილცემენტ გრუპი“, რომელიც თბილისში მდებარეობს პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობს, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი 2 წლის განმავლობაში პროცენტის თანადაფინანსებას მეწარმეობის განვითარების სააგენტო განახორციელებს. სააგენტოს დახმარებით განხორციელებული პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 2,128,213 ევროს შეადგენს.