აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2017-2020 წლების პრიორიტეტების პრეზენტაცია დღეს მინისტრმა გამართა. რამაზ ბოლქვაძემ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ დამუშავებული ბიზნეს სექტორის II კვარტლის მაჩვენებლები და ბიუჯეტის 8 თვის მონაცემები შეაჯამა.
მინისტრის განცხადებით 2016 წლის II კვარტლის მონაცემებით აჭარაში დასაქმებულთა რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7,4 %-ით გაიზარდა,ხოლო 2016 წლის 8 თვის ბიუჯეტი 29,8% გადაჭარბებით შესრულდა და გასულ წელთან შედარებით 8,4 %-ით გაიზარდა.
რამაზ ბოლქვაძემ სამინისტროს მიერ დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ უწყების ყველა პრიორიტეტი რეგიონის ყველაზე აუცილებელი საჭიროებების გათვალისწინებით შემუშავდა.
„მომდევნო წელს იწყება ცეცხლაურის ნაგავსაყრელის მშენებლობა, რომლის მოსამზადებელი პროცედურები უკვე დასკვნით ეტაპზეა. მყარი ნარჩენების პროექტი უმნიშვნელოვანესია რეგიონისთვის, როგორც ეკოლოგიური, ასევე ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო კიდევ ერთი დიდი პროექტის განხორციელებას იწყებს. კერძოდ, წელს ბათუმის საერთაშორისო საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა იწყება.
გარდა ამისა, ჩვენი მთავარი მიზანია ავითვისოთ აჭარაში არსებული საინვესტიციოდ საინტერესო ახალი ტერიტორიები,რაც ბუნებრივია რეგიონის ეკონომიკას კიდევ უფრო გააძლიერებს. სწორედ აჭარის საინვესტიციო გარემოს განვითარების მიზნით, სპეციალისტებთან ერთად, ბობოყვათის სანაპიროს, გონიო-კვარიათის საკურორტო ადგილის მთიანი ზონისა და სარფის საკურორტო ადგილის მთიანი ზონის დაგეგმარების გადაწყვეტილება მივიღეთ.
აღნიშნული ტერიტორიების ეფექტური გამოყენება დამატებითი სარგებელი იქნება რეგიონისთვის. გაჩნდება ახალი სამუშაო ადგილები, რაც ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია და ბუნებრივია განვითარდება ინფრასტრუქტურა“- განაცხადა რამაზ ბოლქვაძემ.
2017-2020 წლებში სამინისტრო ბიუეჯტით გათვალისწინებით 7 პროგრამის განხორციელებას გეგმავს.
სამინისტროს 2017-2020 წლების პროგრამები:
• რეგიონში ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობის პროგრამა.
2017-2020 წლების ბიუჯეტი: 1 797 000 ლარი
• მცირე და საშუალო ტურისტული ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამა
2017-2020 წლების ბიუჯეტი: 1 281 600 ლარი
• ქალაქმშენებლობითი და სივრცითი მოწყობის პროგრამა
2017-2020 წლების ბიუჯეტი: 515 000 ლარი
• ბათუმის მრავალფუნქციური რესპუბლიკური საავადმყოფოს მშენებლობა
• ბათუმის საერთაშორისო საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა
• აჭარის სადაბო და სასოფლო ტერიტორიებზე წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების რეაბილიტაციის პროექტი
• აჭარის მყარი ნარჩენების მართვის პროექტი