16 სექტემბერს 12:00 საათზე ტექნოპარკში (ინოვაციების ქუჩა #7, თბილისი, ოქროყანა) საქართველოს მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმის ფარგლებში განხორციელებული საინვესტიციო პროგრამის ,, სტარტაპ საქართველოს“ მენტორშიფის პროგრამის პრეზენტაცია 20 მაღალტექნოლოგიური ბიზნეს იდეის გამარჯვებული გუნდისათვის გაიმართება. მენტორშიფი სილიკონ ველის უცხოელი ექსპერტების მიერ ცოდნის გაზიარებასა და სტარტაპების პროექტების დახვეწას ითვალისწინებს ონლაინ, რისი ღირებულაბაც თითოეული გუნდისათვის 25 000 ლარს შეადგენს, რომელსაც სახელმწიფო დამწყები ბიზნესმენებისათვის გამოყოფს. სტარტაპებს მენტორშიფის პროგრამას პირველი ვიცე-პრემიერი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი გააცნობს.
მენტორები სილიკონ ველისა და ვენჩურული საინვესტიციო კომპანიის წევრები, ექსპერტები და დამფუძნებლები არიან, რომლებსაც სტარტაპებისა და ინოვაციური ეკოსისტემის ფორმირების სფეროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ.
,,მნიშვნელოვანია პროგრამის მაღალტექნოლოგიური ბიზნეს იდეების სწორი განვითარება, წარმართვა და წარმატებაზე ზრუნვა, რისთვისაც გუნდები ინდივიდუალურ მენტორებთან ერთად სახელმწიფოს ხელშეწყობით ინტენსიურად იმუშავებენ. მენტორინგი ჯამში 40 საათს მოიცავს, ამ პერიოდის განმავლობაში სტარტაპებს ბიზნესის ჩამოყალიბების ყველა კუთხით დაატრენინგებენ, რაც გაზრდის მათ პოტენციალს წარმატება მოიპოვონ საერთაშორისო ბაზარსა და სილიკონის ველზე“- აცხადებს საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ქაშიბაძე.