სწრაფი კვების ცნობილი ბრენდი „საბვეი“ საქართველოში ქსელის განვითარების აქტიურ ეტაპზე გადადის.
„საბვეის“ წარმომადგენლის გივი ორდენიძის განცხადებით, ამისათვის ქვეყანაში ვითარება უკვე მომწიფებულია და ბრენდის ფრენჩაიზის შეძენის მიმართ დაინტერესებაც გაიზარდა. (გაეცანით პირობებს: http://altway.info/subway-form/)
სხვა ცნობილი ბრენდებისგან განსხვავებით, „საბვეის“ ფრენჩაიზის გაცემის განსხვავებული სტრატეგია აქვს და მისი შეძენა, გარკვეული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, ნებისმიერ პირს შეუძლია, მაშინ როდესაც McDonald’s-ის, Wendy’s-ის თუ KFC-ის შემთხვევაში მხოლოდ 1 იურიდიულ პირზე გაიცემა ე.წ მასტერ-ფრენჩაიზი.
„ამ დრომდე ჩვენ აქტიურ პრომოუშენს არ ვეწეოდით, ველოდით ბაზარზე ვითარების დასტაბილურებას, თუმცა ახლა მიგვაჩნია, რომ უკვე დადგა დრო ქსელის აქტიური განვითარება დავიწყოთ. 15 სექტემბერს, 18:30 საათზე, სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“ ვიწვევთ დაინტერესებულ პირებს, წარვადგენთ „საბვეის“ ბრენდის რესტორნის გახსნასთან დაკავშირებით საინფორმაციო პრეზენტაციას და გავცემთ ყველა კითხვაზე პასუხს - როგორ შევიძინოთ ფრენჩაიზის ლიცენზია და როგორ გავხსნათ რესტორანი", - ამბობს გივი ორდენიძე.
კომპანიის წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ „საბვეი“ ძალიან მოქნილი და მარტივია რესტორნის გახსნის პირობების მხრივ და სწორედ ამიტომ რესტორნების რაოდენობით (45 000) მსოფლიოში პირველ ადგილს იკავებს.
გივი ორდენიძის განმარტებით, რესტორნის გასახსნელად საჭირო ინვესტიციის მოცულობა მხოლოდ 100 000 აშშ დოლარიდან იწყება, მაშინ როდესაც სხვა ბრენდების ობიექტების გახსნა შესაძლოა 1 მლნ აშშ დოლარი და მეტიც დაჯდეს.
„საბვეი“ ამჟამად, თბილისში 5 კვების ობიექტით არის წარმოდგენილი, მათგან 3 ერთი კომპანიის მფლობელობაშია, 2 -ს კი, სხვა მფლობელები ჰყავს. არსებული გეგმით, 2020 წლისთვის საქართველოს მასშტაბით არანაკლებ 30 რესტორანი უნდა ფუნქციონირებდეს.
კომპანიაში მიიჩნევენ, რომ მომგებიანი იქნება რესტორნების გახსნა თბილისის სხვადასხვა უბნებში, მაგალითად გლდანში, ასევე სხვა ქალაქებში, მათ შორის ბათუმში, სადაც სწრაფი კვების ბრენდებიდან მხოლოდ McDonald’s-ია წარმოდგენილი და ამასთან, მოთხოვნა დიდია, ასევე ქუთაისსა და ზუგდიდში, საიდანაც დაინტერესება მაღალია.