საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანი ევროპალატის დირექტორთა საბჭოს წევრობის კანდიდატად აირჩიეს. 4 კანდიდატის არჩევა ქალაქ ბრიუსელში გამართულ ევროპალატის აფილირებული კორესპონდენტი წევრების კომიტეტის შეხვედრაზე მოხდა. კანდიდატურის საბოლოო დადასტურების შემთხვევაში ნინო ჩიქოვანი ევროპალატის დირექტორთა საბჭოს წევრი მეორე ვადით გახდება.
კომიტეტის შეხვედრა თურქეთის პალატებისა და საფოდნო ბირჟების გაერთიანების ბრიუსელის ოფისში შედგა. ღონისძიების მთავარ მიზანს ევროპალატის დირექტორთა საბჭოს წევრთა კანდიდატურების შერჩევა და სამოქმედო გეგმის განსაზღვრა წარმოადგენდა. შეხვედრას ევროკავშირის არაწევრი 11 ქვეყნის სავაჭრო-სამრეწველო პალატების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ. ღონისძიება თურქეთის პალატებისა და საფოდნო ბირჟების გაერთიანების პრეზიდენტმა და ევროპალატის აღმასრულებელმა დირექტორმა გახსნეს. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა ევროკომისიის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა- გუნტერ ვერჰეგენმა, რომელმაც მიმოიხილა ევროკავშირში მიმდინარე პროცესები და მათი გავლენა ბიზნეს სექტორზე.
სიტყვით გამოსვლების შემდეგ დებატების რეჟიმი დაიწყო, შემდეგ კი ევრო-პალატის დირექტორთა საბჭოს 4 წევრის კანდიდატურები შეარჩიეს. გარდა საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტისა, ევროპალატის დირექტორთა საბჭოს წევრობის კანდიდატებად აზერბაიჯანის, ბოსნია-ჰერცოგოვინასა და უკარინის პალატების ხელმძღვანელი პირები დაასახელეს.