ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილის შეფასებით, „რესპუბლიკელები" ოთხი წლის განმავლობაში ცუდი პარტნიორები იყვნენ და ცდილობდნენ როგორმე დაესუსტებინათ კოალიცია.
„რესპუბლიკური პარტია“ არის საკმაოდ თანმიმდევრული, იცავენ პარტიულობის ფორმას და დიდ პატივს ვცემ მე პროცედურულ დემოკრატიას, რაც ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის აუცილებელია, თუმცა შემდეგ გადავედი კრიტიკაზე. გავაგრძელებ თუ რატომ ვთქვი, რომ პარტია ახერხებს ყოველთვის საკუთარი პარტიის მოფერებას. ვიხსენებ კოალიციაში „რესპუბლიკური პარტიის“ როლს. ძალიან დიდი იმედი მქონდა, რომ საკუთარ გამოცდილებას შეიტანდნენ კოალიციაში, თუმცა მოხდა საპირისპირო. სამწუხაროდ, მათ ვერ მოახერხეს კოალიციაში ამ თვისებების დანერგვა. ისინი იყვნენ ცუდი პარტნიორები ოთხი წლის განმავლობაში. მე თვალყურს ვადევნებდი ძალიან დინჯად...
მცოდნე იურისტებს ავიწყდებოდათ მთავარი, რომ უსაფრთხოების სამსახური არის ერთ-ერთი ძირითადი სამსახური ქვეყნის უსაფრთხოებისთვის. ის, რომ ყოველთვის ცდილობდნენ, რომ ოღონდ რამე მოეფიქრებინათ, ისეთი, რომ მათ მოსმენები არ შეძლებოდათ ჩვეულებრივი მოქალაქეების, ამ დროს ავიწყდებოდათ, რომ მათ ძირითად ფუნქციას დიდი ხიფათი უჩნდებოდა მათი ახალი მეთოდებით, რომლებსაც ყოველდღე ორ-ორს იგონებდნენ ხმალაძე და უსუფაშვილი. მათი ცოდნა პოზიტივში არ წაადგა არც ოპოზიციას და არც სახელმწიფოს და ყოველთვის უარყოფითად წარმოჩინდებოდა“ ,- განაცხადა ივანიშვილმა.
ყოფილმა პრემიერმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გიორგი მარგველაშვილის შესვლასთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებებიც გაიხსენა.
„უსუფაშვილთან მქონდა შეხვედრა და მას არგუმენტიც კი არ დარჩა, რომ გარდა კრიტიკისა, არაფრით შეიძლებოდა ამის ასე გაშვება, რომ ეს კაცი უკანონოდ შევიდა ამ სასახლეში. მიუხედავად იმისა, რომ უსუფაშვილს არგუმენტი არ დარჩა, გამოვიდა და ეს „გააპრავა“. ელემენტარული მიზეზის გამო, რომ ის ეძებდა დამატებით რესურსს. როგორი რესურსი მიიღო კი ვნახეთ. დავით უსუფაშვილი ყველაზე გავლენიანი ფიგურა ამაყობდა იმით, რომ ის მარგველაშვილს არ აკრიტიკებს და ესეც ერთს ემსახურებოდა, მხოლოდ მარგველაშვილის რესურსის გამოყენებას ცდილობდა. მარგველაშვილს თვითონ ვერ გაურკვევია რა უნდა და მათაც ვერაფრით დაეხმარა. შესაბამისად, უფრო გვიან ამათაც მოუტრიალდა“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.