8-9 სექტემბერს თბილისში, საქართველოს ფასიანი ქაღალდების ცენტრალური დეპოზიტარის ორგანიზებით, ევრაზიის ცენტრალური დეპოზიტარების ასოციაციის მე-XIII საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება.
როგორც საქართველოს საფონდო ბირჟის გენერალური დირექტორი გიორგი ფარესიშვილი განმარტავს, კონფერენციაზე დასასწრებად ჩამოდიან საერთაშორისო დეპოზიტარების Clearstream-ის და Euroclear-ის წარმომადგენლები, ფასიანი ქაღალდების ცენტრალური დეპოზიტარების წარმომადგენლები რუსეთიდან და დსთ-ს სხვა ქვეყნებიდან, სამხრეთ კორეიდან, ინდოეთიდან, საგადახდო სისტემა SWIFT-იდან, ასევე სხვა მოწვეული სტუმრები.
კონფერენცია სასტუმრო Holiday Inn-ში გაიმართება. პროგრამის მიხედვით, 8 სექტემბერს, დღის პირველ ნახევარში დაგეგმილია მოხსენებები ფასიანი ქაღალდების ინდუსტრიაში მომუშავე ადამიანებისთვის საინტერესო საკითხებზე. დღის მეორე ნახევარში ტარდება ორი მრგვალი მაგიდა თემებზე: „სპეცდეპოზიტარების როლი ფინანსური ბაზრების ფუნქციონირებაში“ (ეხება საპენსიო სქემების მომსახურებას) და „ცენტრალური დეპოზიტარების საქმიანობაში ახალი ტექნოლოგიების გამოყენება“.
კონფერენციის მეორე დღეს, ანუ 9 სექტემბერს ტარდება წლიური შეხვედრა მხოლოდ ასოციაციის წევრებისთვის.