ბატონი ბიძინა ივანიშვილი დღეს ჩართულია ერთ-ერთი კონკრეტული საარჩევნო სუბიექტის საარჩევნო კამპანიაში, იბრძვის მისი გამარჯვებისათვის და აკრიტიკებს ყველა დანარჩენს ვინც მისი კონკურენტია, - ასე შეაფასა “რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერმა დავით უსუფაშვილის საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის დღევანდელი შეფასებები „რესპუბლიკური პარტიისადმი“.
“ბიძინა ივანიშვილს ისეთივე უფლება აქვს, იყოს კრიტიკული სხვა პარტიების მიმართ,როგორც მე და სხვა პარტიებს აქვთ. რაც შეეხება სახელმწიფოებრივ მიდგომებს და სახელმწიფოებრივ პრიორიტეტებს, ეს არის საკითხი რომლზე მსჯელობაშიც ბიძინა ივანიშვილთან საათები მაქვს გატარებული, მაგრამ როგორც ჩანს ურიგო არ იქნება, თუ ამას საჯაროდაც გავაკეთებ, რადგან ეს არ ეხება ბიძინას, დათოს, გიორგის, ეს ეხება ჩვენი სახელმწიფოს განვითარებას. ამიტომ უახლოეს დღეებში ალბათ წერილობით შემოგთავაზებთ ჩემს ხედვებს, თუ რა გეგმა გვქონდა, რა წავიდა სწორად ქართული სახელმწიფოს განვითარების ნაწილში, რა არის დღეს ხიფათები და საფრთხეები სახელმწიფოს მომავლისთვის, რაში შეიძლება ვერ და არ ვეთანხმებოდეთ ერთმანეთს მე და ბიძინა ივანიშვილი”, - აღნიშნა უსუფაშვილმა.
მისივე თქმით, საარჩევნო კამპანია არის ის დროს და პერიოდი, როდესაც უნდა ვისაუბროთ ქვეყნის განვითარების უკეთესს გზებზე.
„მე მიკვირს ერთადერთი რამ, რაც დღეს მოვისმინე, როდესაც საუბარია ამა თუ იმ პოლიტიკური პარტიის რეიტინგზე და მხარდამჭერებზე ამ თემაზეც ბევრი გვისაუბრია. მე და ბატონი ბიძინა შეთანხმებული ვართ, რომ ქვეყანა ვერ წავა წინ, თუ ქვეყანა არ გათავისუფლდა ჭორების გამავრცელებელი მანქანისგან და ეს მანქანა ქვეყანაში საკმაოდ მძლავრობს. მე ვწუხვარ, რომ თავად ბატონი ბიძინა აღმოჩნდა ამ მანქანის მსხვერპლი, დღეს ქართულ საზოგადოებას ეუბნება იმას, რომ მე ან რომელიმე „რესპუბლიკელს“ ილია ჭავჭავაძე ცუდ კაცად მიგვაჩნია. ეს არ არის სახელმწიფოზე ლაპარაკი, ეს არის ჭორებზე აყოლა და მე არ ვაპირებ ამაში გავყვე, მაგრამ რაც შეეხება სახელმწიფოსთან დაკავშირებულ საკითხებს, ამაზე უახლოეს მომავალში წერილობით მოგახსენებთ”, - განაცხადა უსუფაშვილმა.