სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ დღეს 21-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ კოალიცია „ევროატლანტიკური საქართველოსთვის“ დააფუძნა. კოალიციის პრეზენტაცია სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლებმა გამართეს.
კოალიციის დამფუძნებლები აცხადებენ, რომ ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაცია ჩვენი ქვეყნის განვითარების მთავარი პრიორიტეტი უნდა იყოს, რადგან ეს საქართველოს არამარტო უსაფრთხოების, არამედ ეკონომიკური განვითარების და კეთილდღეობის უზრუნველყოფის გარანტია.
„საზოგადოება და ბანკების“ ინფორმაციით, კოალიციის მიზანი თავისუფალი, დამოუკიდებელი, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების სრულ პატივისცემაზე დაფუძნებული, ეფექტიანი დემოკრატიული ინსტიტუტების მქონე სახელმწიფოს მშენებლობაა. წევრი ორგანიზაციები მჭიდროდ ითანამშრომლებენ ერთმანეთთან საქართველოს ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში სრული ინტეგრაციის მხარდასაჭერად. მათ ასევე მნიშვნელოვნად მიაჩნიათ სამოქალაქო საზოგადოების აქტიური ნაწილის კონსოლიდაცია ქვეყნის ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობისთვის. კოალიცია ამ მიმართულებით სხვადასხვა პროექტების განხორციელებას გეგმავს.
დამფუძნებლებმა ერთობლივ დეკლარაციასაც მოაწერეს ხელი. პრეზენტაციას სამთავრობო უწყებების, პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო საზოგადოების და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ.