„ერთიანი ნაციონალური მოძრაობაში" ,,ქართული ოცნების” ბრალდებებს პასუხობენ. პარტიის წევრის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, “ქართულ ოცნებას” გადაწყვეტილი აქვს წინასაარჩევნო პროცესი აბსრუდული ბრალდებებით წარმართოს - „ასეთი ბრალდება მხოლოდ ერთ რამეს აჩვენებს - “ქართული ოცნება” დარწმუნდა, რომ “ნაციონალური მოძრაობა” ერთადერთი პოლიტიკური ძალაა ქვეყანაში, რომელსაც ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის გეგმა აქვს და ახლა ყველანაირი მეთოდით ცდილობს წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარებაში ხელი შეუშალოს”, - განაცხდა სალომე სამადაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს წევრმა დღეს ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ წინასაარჩევნოდ დაპირისპირებების პროვოცირებას და არეულობის შექმნას გეგმავს.
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენელი თამარ ჩუგოშვილი პარტიის მხარდამჭერებს მიმართავს და მოუწოდებს, მოსალოდნელ პროვოკაციებს არ აყვნენ. დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე მან განაცხდა, რომ ,,ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც ,,ერთმნიშვნელოვნად აგებს საპარლამენტო არჩევნებს და, რომელსაც არ გააჩნია საზოგადოების მხარდაჭერა, ერთადერთ შანსს ხედავს არეულობის შექმნაში“.
როგორც ჩუგოშვილმა განაცხადა, სამწუხაროდ, ოპონენტების მიერ დაგეგმილია დაპირისპირების პროვოცირება "ქართული ოცნების" მიერ ორგანიზებულ სხვადასხვა ღონისძიებებზე,ასევე ორგანიზებული ფორმით დაძაბულობისა და დაპირისპირების შეტანა წინასაარჩევნო კამპანიაში.