„ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ“ ლაგოდეხის მოსახლეობას, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გურამ მაჭარაშვილი წარუდგინა. მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, გურამ მაჭარაშვილმა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს, ვიცე-პრემიერს კახა კალაძესა და „ქართული ოცნების“ გუნდს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.
„ჩემთვის ძალიან დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა ვიყო ლაგოდეხისა და ყვარლის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი. „ქართულმა ოცნებამ“ თავისი საქმით დაამტკიცა, რომ მისთვის მნიშვნელოვანი და მთავარი მიზანია თქვენი და თქვენი ოჯახების კეთილდღეობა. ჩემთვის, როგორც ამ კუთხის შვილისათვის, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ლაგოდეხის და ყვარლის, რა თქმა უნდა, მთლიანად საქართველოს კეთილდღეობა, რაც შეიძლება სწრაფი ტემპით განვითარდეს. მე თითქმის ორი კვირაა ინტენსიურად ვხვდები მოსახლეობას, საზოგადოების სხვადასხვა ფენის წარმომადგენლებს. პირადად ვეცნობი მათ პრობლემებს. მინდა გითხრათ, რომ მათი განწყობა საკმაოდ ოპტიმისტურია, იმედიანი განწყობა აქვთ. სწამთ და ჯერათ, რომ „ქართული ოცნება“, მისი მაჟორიტარი დეპუტატი, შეძლებს ყველაფერს, გამოიყენებს მთელ თავის რესურს იმისათვის, რომ ამ კუთხეში და მთლიანად საქართველოში, სწრაფად განვითარდეს ყველა ის მიმართულება, რაც დაწყებულია 4 წლის განმავლობაში და რაც მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში აუცილებლად გაგრძელდება. ასევე დაიწყება ახალი, საზოგადოებაზე, ბიზნესის განვითარებაზე ორიენტირებული პროექტები. როგორც ბატონმა პრემიერმა აღნიშნა, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს ეკონომიკის განვითარება, ამიტომ გარწმუნებთ, თუ ჩვენ ერთად ვიდგებით, აუცილებლად მივაღწევთ მიზანს და არ არსებობს ძალა, რომელიც ამაში ჩვენ ხელს შეგვიშლის“,-განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.