ყვარლისა და თელავის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოდან“, ირაკლი სესიაშვილი აცხადებს, რომ ყველა სიკეთეს, რასაც „ქართული ოცნება“ ქვეყანას შესთავაზებს, ის თელავსა და ყვარელს მოუტანს.
„ჩვენ დღეს, პირველი რაც შეგვიძლია თქვენ შეგპირდეთ და სიტყვა ვთქვათ, არის ის, რომ უნდა გავერთიანდეთ სიკეთის გარშემო. ჩვენ უნდა გავერთიანდეთ საერთო ქვეყნის, უსაფრთხოების, მშვიდობის, სტაბილურობის გარშემო და რა თქმა უნდა, ამ სიკეთემ უნდა მოუტანოს თითოეულ ჩვენთაგანს კეთილდღეობა. ამ რეგიონს და მთლიანად კახეთს აქვს გამორჩეული პოტენციალი თავისი სოფლის მეურნეობის შესაძლებლობებით, ტურისტული შესაძლებლობებით. ყველაფერს თავი დავანებოთ - ეს არის მშრომელი ხალხი და არცერთს არ გვეპარება ეჭვი, რომ ამ რეგიონს, ჩვენს რეგიონებს აქვს ძალიან სერიოზული პერსპექტივები. ამ პროცესში, რა თქმა უნდა, მეც თქვენთან ერთად მინდა ვიყო მაქსიმალურად ჩართული ჩემი ენერგიით, ჩემი ძალღონით, ჩემი შესაძლებლობებით და მინდა გითხრათ, რომ ძალიან დიდი მაქვს და იმაზე მეტს უნდა ელოდეთ, ვიდრე თითოეულ თქვენთაგან წარმოგიდგენიათ“,-განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
მისივე თქმით, პატრიოტიზმი ერთგულების გარეშე არ შეიძლება.
„ ერთგულება მხოლოდ სიყვარულით არის შესაძლებელი, თუმცა სიყვარული პასუხისმგებლობის გარეშე არ არსებობს და აი ამ პასუხისმგებლობით მოვდივარ. თითოეულ თქვენთაგანს, პირველი, რაც შემიძლია გითხრათ არის ის, რომ მე ვიქნები ის ადამიანი, რომელიც თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმს გამოიყენებს. ჩემი პასუხისმგებლობით ვეცდები და გავაკეთებ კიდევაც იმას, რომ, ყველა ის ინფრასტრუქტურული პროექტი, ყველა ის სიკეთე, რასაც „ქართული ოცნება“ მთელ ქვეყანას შესთავაზებს, რა თქმა უნდა, ამას მე თქვენთან ერთად, ადგილობრივ თვითმმართველობებთან ერთად, ამ ყველაფერს ჩვენს საყვარელ თელავსა და ყვარელს მოვუტან“,-აღნიშნა ირაკლი სესიაშვილმა.