ბათუმში, გმირთა ხეივანში $10,7 მლნ-იანი პროექტის განხორციელება იწყება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა რამაზ ბოლქვაძემ 2016 წლის 6 თვის საინვესტციციო მაჩვენებლების პრეზენტაციისას გააჟღერა. როგორც მინისტრმა განმარტა, გმირთა ხეივნისთვის ეს რიგით მეხუთე პროექტი იქნება და მისი განხორციელება უახლოეს პერიოდში დაიწყება.
"ახლახანს გმირთა ხეივანში ახალი საინვესტიციო პროექტის განხორციელების თაობაზე იქნა მიღებული გადაწყვეტილება. ელექტრონული აუქციონით ინვესტორმა ტერიტორია შეიძინა, სადაც ძალიან მალე კიდევ ერთი მაღალი დონის სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა დაიწყება. პროექტით არანაკლებ 10 700 000 აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება“,- აღნიშნა რამაზ ბოლქვაძემ.
მისივე განმარტებით, პროექტი ითვალისწინებს: მინიმუმ 60 ნომრიანი სასტუმროს, საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტის, გასართობი ცენტრის და 1500 კვ.მ-ზე მიწისქვეშა ავტოსადგომის მშენებლობას.
პროექტის დასრულება 2020 წელისთვის იგეგმება.
„გმირთა ხეივანში კონცეფციის ფარგლებში ამ დროისთვის სულ 5 მაღალი დონის სასტუმრო კომპლექსი შენდება. ჯამური საინვესტიციო ღირებულება დაახლოებით 51 მლნ აშშ დოლარია“, აღნიშნა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ გმირთა ხეივნის განვითარების კონცეფციაზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ იმუშავა. ტერიტორიის ფართობია 3 ჰა. დაგეგმარების მიხედვით ხეივანი 14 საინვესტიციო მიწის ნაკვეთად დაიყო, რომლის ათვისება 3 ეტაპად განხორციელდება.
კონცეფციის მიხედვით შენობის მაქსიმალური სიმაღლე 140, ხოლო მინიმალური 30 მეტრი განისაზღვრა. ტერიტორიაზე სასტუმროების, აპარტამენტების, რესტორნების, სხვადასხვა გასართობი ობიექტებისა და სპორტული ცენტრების განთავსება იქნება შესაძლებელი. გმირთა ხეივნის განვითარების კონცეფციის მიზანი საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესება, ბიზნესის/ტურიზმის ხელშეწყობა,სამუშაო ადგილების შექმნა და ქალაქის ინფრასტრუქტურის განვითარებაა.
გმირთა ხეივანში 4 ახალი ინვესტიციის განხორციელება უკვე დაიწყო.