Rekan Group Georgia აჭარაში, მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობის პროექტს აგრძელებს. აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, კომპანიას ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო დაკისრებული პირგასამტეხლო ჩამოეწერა, სანაცვლოდ, Rekan Group-ი ყველა აქამდე აღებულ ვალდებულებას შეასრულებს და 20 დღეში ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტში 1 მლნ აშშ დოლარსაც (ექვივალენტი ლარში) შეიტანს.
კომპანია კომპლექსს ბათუმში, კახაბრის დასახლებაში აშენებს, ქონება 3 მლნ აშშ დოლარად შეიძინა, რომელიც ეტაპობრივად, 2017 წლის ბოლომდე უნდა დაფაროს. ადგილზე კი, 51 თვეში სასტუმრო, აპარტამენტები, კომერციული ფართები და ავტოსადგომი უნდა ააშენოს. პროექტში 50 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია ჩაიდება.
ამ დროისათვის კომპანიის მიერ გადახდილია ქონების ნასყიდობის ფასის ნაწილი 500 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი და დაწყებულია მშენებლობაც.
კომპანიას 2016 წლის 25 აგვისტოს ჩათვლით ერიცხება ჯარიმა, სულ 504 000 ლარი და 161451 აშშ დოლარი.
აღსანიშნავია, რომ პროექტის განხორციელება შეაფერხა სამშენებლო მიწის ნაკვეთზე სასამართლო დავამ, რაზეც სხდომა 6 სექტემბერს გაიმართება, თუმცა ამ დავის მოუხედავად, Rekan Group-ი აცხადებს, რომ პროექტის გაგრძელების სურვილი აქვს, რისთვისაც საინვესტიციო თანხების აკუმულირება მომსახურე ზირაათ ბანკის ანგარიშზე უკვე მოახდინა.