ბათუმში, მწვანე კონცხის დასახლებაში ტურისტული კომპლექსის მოწყობა იგეგმება. ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ინვესტორს უკვე ეძებს და უწყების მიერ შესაბამისი აუქციონიც გამოცხადებულია.
პირობებიანი აუქციონი 11 ივლისისთვისაა ჩანიშნული და მასზე მწვანე კონცხის დასახლებაში მდებარე 15070 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის გასხვისება იგეგმება. ობიექტის საწყისი ღირებულება კი 18 ათასი ლარია.
პირობების მიხედვით, აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებიდან 6 თვის ვადაში მრავალფუნქციური შენობა-ნაგებო(ბე)ბის (სასტუმროს ტიპის დასასვენებელი სახლი, საკონფერენციო დარბაზი, სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრი, სარეკრიაციო ზონა, ავტოსადგომის და სხვადასხვა ტიპის კვების ობიექტები), მშენებლობის ნებართვა მიიღოს და სამუშაოებიც დაიწყოს.
ხოლო ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 თვის ვადაში მრავალფუნქციური შენობა ექსპლუატაციაში შეიყვანოს, რისთვისაც მინიმუმ 38 მლნ დოლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.