სამოქალაქო ჩართულობის ცენტრი ვანო მერაბიშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ 2016 წლის 14 ივნისს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გამოაქვეყნა გადაწყვეტილება საქმეზე, მერაბიშვილი (შემდგომში: განმცხადებელი) საქართველოს წინააღმდეგ.
”აღნიშნულ გადაწყვეტილებაში სასამართლომ იმსჯელა, თუ რამდენად შეესაბამებოდა სახელმწიფოს მიერ სამართალწარმოების პროცესში გატარებული ღონისძიებები ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის კონკრეტულ მუხლებს. გადაწყვეტილება არ ეხება ივანე მერაბიშვილის ბრალეულობისა და სასამართლოს განაჩენის კანონიერება/უკანონობის საკითხს. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არ განიხილავს იმ ფაქტს, თუ რამდენად დასაბუთებული და სამართლიანი იყო საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა. ის მხოლოდ კონვენციით აღიარებულ ადამიანის უფლებათა შესაძლო დარღვევის საკითხზე მსჯელობს. მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს ,,სტრასბურგტის სასამართლომ მერაბიშვილი გაამართლა“ არ შეესაბამება სიმართლეს. ევროპულმა სასამართლომ სახელმწიფოს მხრიდან ადამიანის უფლებათა კონვენციის კონკრეტული ნორმების დარღვევა დაადგინა, რაც არ გულისხმობს, განმცხადებლის დამნაშავება/უდანაშაულობის საკითხის განხილვის.
ივანე მერაბიშვილი განცხადებაში აპელირებდა, რომ დარღვეული იყო ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-5 (1, 3,4) და მე-18 მუხლები. საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. კერძოდ, სასამართლომ დაადგინა, რომ სახელმწიფოს მხრიდან დაირღვა კონვენციის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი და მე-18 მუხლი მე-5 მუხლის 1-ლ პუნქტთან ერთობლიობაში. ზემოხსენებული მუხლები ეხება აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულ პატიმრობას:
1. საამართლომ მიიჩნია, რომ კონვეციის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი დაირღვა შემდეგ გარემოებათა გამო: ადამიანის თავისუფლება კონვენციით გარანტირებული ღირებულებაა, მისი შეზღუდვა მხოლოდ კონკრეტული საფუძვლებითა და საჭირო პროცედურების მკაცრი დაცვით არის დასაშვები. თავისუფლების შეზღუდვის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს პატიმრობაც. აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდება ყოველ შემთხვევაში კარგად დასაბუთებული უნდა იყოს და შესაბამის მტკიცებულებებს უნდა ეყრდნობოდეს. პატიმრობა, როგორც აღკვეთის ღონისძიების ყველაზე მძიმე ფორმა, მხოლოდ უკიდურეს შემთხვევებში უნდა გამოიყენებოდეს. სტრასბურგის სასამართლოს ეჭვქვეშ არ დაუყენებია პატიმრობის, საფუძვლების არსებობა. გადაწყვეტილებაში ნახსენებია მიმალვის საფრთხეც. თუმცა, მას შემდეგ რაც, 2013 წლის 25 სექტემბერს, წინასასამართლო სხდომაზე, განმცხადებლის ადვოკატმა დააყენა შუამდგომლობა პატიმრობის, როგორც აღკვეთის ღონისძიების სახის საფუძვლიანობის გადახედვის თაობაზე, სასამართლო არ უმსჯელია, არც წერილობით და არც ზეპირად, რაც დაასაბუთებდა პატიმრობის გაგრძელების მიზანშეწონილობას, ისე ჩათვალა პატიმრობის ვადა გაგრძელებულად. შესაბამისად, შიდასახელწიფოებრივი სასამართლოს მიერ პატიმრობის გაგრძელება მისი შესაბამისი დასაბუთების გარეშე, მხოლოდ ერთი წინადადებით, ევროპულმა სასამართლომ მიიჩნია კონვენციის დარღვევად.
2. რაც შეეხება კონვენციის მე-18 მუხლს, ეს უფლებათა შეზღუდვის გამოყენების ფარგლებს ეხება. კონვენციის მიხედვით, დასაშვებია უფლების შეზღუდვა მხოლოდ კონვენციაში ნახსენები მიზნით. სასამართლომ ამ ნაწილში იმსჯელა საჩივარში მოხსენიებულ გარემოებებზე, სადაც განმცხადებელი აღნიშნავს, რომ გვიან ღამით ის ციხიდან გამოიყვანეს და გარიგების დადება შესთავაზეს. ემუქრებოდნენ, რომ თუ არ ითანამშრომლებდა მათთან მისი მდგომარეობა გაუარესდებოდა. აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება არ დაწყებულა, აქედან გამომდინარე, ევროპულმა სასამართლომ ჩათვალა, რომ წინასწარი პატიმრობის საკითხში, შესაძლოა არსებულიყო პოლიტიკური მიზანიც, რაც რეალურად განმცხადებლის პოლიტიკური ცხოვრებიდან ჩამოშორებას ისახავდა მიზნად, შესაბამისად სტრასბურგის სასამართლოს არ დაუდგენია, რომ განმცხადებელი - ივანე მერაბიშვილი პოლიტიკური ნიშით იქნა მსჯავრდებული.
რაც შეეხება თანხის ნაწილს, სახელმწიფოს განმცხადებლის სასარგებლოდ 4000 ევრო გადახდა დაეკისრა, ზიანის საკომპენსაციოდ, ამას გარდა კიდევ 8000 ევრო, სასამართლოს ხარჯების ასანაზღაურებლად.
დასვნის სახით, უნდა აღინიშნოს, რომ ევროპულმა სასამართლომ დაადგინა კონვენციის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის დარღვევა, რადგან პატიმრობის როგორც აღკვეთის ღონისძიების სახის გირაოთი შეცვლის შუამდგომლობაზე სასამართლომ დაუსაბუთებლად თქვა უარი. ხოლო მე-18 მუხლის დარღვევა დადგინდა, რადგან განმცხადებლის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე გამოძიება არ დაწყებულა და სახელმწიფოს მხრიდან სათანადო ღონისძიებები არ გატარებულა”, -ნათქვამია განცხადებაში.