2,5 წელში იმართება საპარლამენტო არჩევნები, ყველას შეუძლია მოემზადოს ამ არჩევნებისთვის, ამასთან ერთად სხვა პროცესებიც იქნება, მათ შორის საკონსტიტუციო სასამართლოში, ამასაც უნდა დაველოდოთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ანტალიაში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, 10-ჯერ წააგეს არჩევნები პოლიტიკურმა ოპონენტებმა და არც მომავალ არჩევნებზე აქვთ წარმატების შანსი.
„ეს არის არსებითად უცხოური აგენტურა, ასეთ დროს მათი აგრესიული დამოკიდებულება არჩევნების მიმართ საერთოდ არ არის გასაკვირი. როცა აგებ არჩევნებს, მერე გიჩნდება აგრესია შესაბამისი მოვლენის მიმართ, აქედან გამომდინარე, ამ აგრესიისგან ისინი ბუნებრივია, ვერ გათავისუფლდებიან, თუმცა აქვთ ახლა ერთგვარი გამონათება და საუბრობენ არჩევნებთან დაკავშირებით. არსებითად არ ცვლის არავისთვის ეს ვითარება არაფერს - არც ქვეყნისთვის, არც ჩვენი პოლიტიკური პარტიისთვის. ჩვენ როგორც ვემზადებოდით წარსულში არჩევნებისთვის, ასევე ვემზადებით 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, სადაც, დარწმუნებული ვარ, აუცილებლად გავიმარჯვებთ. იმდენად დისკრედიტებულია დღეს ოპოზიცია, რომ მათ წარმატების არავითარი შანსი არ აქვთ არც 2,5 წელში", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.