დღეს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე საერთაშორისო სტანდარტის სასტუმრო კომპლექსის „Twin Tower” –ის მშენებლობის დაწყების ცერემონიალს დაესწრო. მორიგი ახალი სასტუმრო კომპლექსის საინვესტიციო ღირებულება 120 მილიონ დოლარს მოიცავს. გრანდიოზულ მშენებლობას ქართული კომპანია „ორბი ჯგუფი“ ახორციელებს. კომპლექსი „Twin Tower“ ორ 45 სართულიან კორპუსს აერთიანებს, სადაც 4 500 სასტუმრო ნომერი განთავსდება. კომპლექსი „Twin Tower“ მსოფლიოში მე-6 აგილზე იქნება სასტუმრო ნომრების რაოდენობის მხრივ.
სასტუმრო კომპლექსის მშენებლობის ცერემონიალს "ორბი ჯგუფის" გენერალური დირექტორი ირაკლი კვერღელიძე, ქალაქის მერი, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე და აჭარის მთავრობის მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სასტუმრო კომპლექსის „Twin Tower” –ის მშენებლობა მიმდინარე წლის ივნისის თვეში დაიწყება და 19 თვეში დასრულდება. მშენებლობის პროცესში 1500, ხოლო კომპლექსის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, 3000 ადგილობრივი დასაქმდება.
სასტუმრო კომპლექსი მრავალფუნქციური იქნება და მის ტერიტორიაზე განთავსდება-რესტორნები, კაფეები, სავაჭრო-გასართობი ცენტრები, ღია და დახურული აუზები, ღია და დახურული ტერასები, სპორტულ-გამაჯანსაღებელი ობიექტები, სამედიცინო ცენტრი, სპა-სალონი, კეთილმოწყობილი ეზო, საბავშვო სათამაშო მოედნები, საკონფერენციო დარბაზები და ავტოსადგომები.
სასტუმრო კომპლექსის „Twin Tower” მნიშვნელოვან როლს შეასრულებს რეგიონში განთავსების ადგილების გაზრდასა და ტურიზმის განვითარებაში.