პერუს დედაქალაქ ლიმაში პანამური იურიდიული კომპანიის Mossack Fonseca-ს ოფისში ჩხრეკა ჩატარდა. ადგილობრივი გამოცემა El Comercio იტყობინება, რომ ჩხრეკა საგადასახდო ადმინისტრაციის ნაციონალური სამმართველოს 20-მა თანამშრომელმა ჩაატარა. მათ ფირმის საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტები ამოიღეს. გამოძიებაში ასევე მონაწილეობს პერუს პროკურატურა და პოლიცია. “შეიქმნა სპეციალური ჯგუფი, რომელიც პანამური ოფშორების საქმეზე იმუშავებს. გვსურს, მოვაგროვოთ ინფორმაცია, რომ გავიგოთ, მოხდა თუ არა საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევა”, განაცხადა საგადასახდო ადმინისტრაციის ნაციონალური სამმართველოს წარმომადგენელმა პერსი დიასმა.
გამომძიებელი ჟურნალისტების საერთაშორისო კონსორციუმმა 3 აპრილს Mossack Fonseca-ს კუთვნილი 11,5 მილიონი დოკუმენტის შესწავლის შედეგად ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც საუბარია მსოფლიოს მოქმედი და ყოფილი ლიდერების, პოლიტიკოსების, სპორტსმენებისა და საზოგადო მოღვაწეების ოფშორულ საქმიანობაზე.
პერუს მედიის ინფორმაციით, “პანამურ დოკუმენტებში” ნახსენებია ქვეყნის პრეზიდენტობის ორი კანდიდატი, რომელიც არჩევნების მეორე ტურში გადავიდა - ყოფილი პრეზიდენტის შვილი კეიკო ფუხიმორი და ყოფილი პრემიერი პედრო პაბლო კუჩინსკი.