ნადეჟდა სავჩენკოს ჯანმრთელობის მდომარეობა მკვეთრად გაუარესდა, - ამის შესახებ ინფორმაციას მისი ადვოკატი მარკ ფეიგინი ავრცელებს. იგი იმედოვნებს, რომ უკრაინელი მფრინავის ჰოსპიტალიზაცია 15 აპრილს მოხერხდება. ადვოკატის ინფორმაციით, სავჩენკოს ანალიზი თრომბის წარმოქმნის საფრთხეზე მეტყველებს.
ამავე დროს, მარკ ფეიგინი ამბობს, რომ ნადეჟდა სავჩენკო ჯერჯერობით საავადმყოფოში გადაყვანაზე უარს ამბობს და მშრალი შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს. უკრაინელი მფრინავი მასთან მხოლოდ უკრაინელი და გერმანელი ექიმების შეშვებას ითხოვს. "ჯერჯერობით ის თანახმაა მხოლოდ გლუკოზისა და ნატრიუმის ქლორიდის ინიექციაზე, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, ეს ვითარებას არ შეუმსუბუქებს", - განაცხადა ფეიგინმა.
ნადეჟდა სავჩენკოს 22 მარტს რუსეთის სასამართლომ 22-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. 6 აპრილიდან მან მშრალი შიმშილობა გამოაცხადა. უკრაინელი მფრინავი ორი რუსი ჟურნალისტის მკვლელობაში, მშვიდობიან მოქალაქეებზე თავადასხმასა და რუსეთის საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში ცნეს დამნაშავედ. სავჩენკო ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ ტყვედ რუსი ჟურნალისტების მკვლელობამდე ერთი საათით ადრე ჩავარდა.