პოლონეთის თავდაცვის მინისტრის შემდეგ, სმოლენსკის ავიაკატასტროფაზე პასუხისმგებლობას ქვეყნის ყოფილ მთავრობას იაროსლავ კაჩინსკიც აკისრებს.
განცხადება პოლონეთის მმართველი პარტიის ლიდერმა და კატასტროფის დროს დაღუპული პრეზიდენტის ძმამ ვარშავაში, ტრაგედიის 6 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გააკეთა.
იაროსლავ კაჩინსკის თქმით, გამომწვევი მიზეზების მიუხედავად, მომხდარზე მორალური პასუხისმგებლობა ყოფილ პრემიერ-მინისტრის დონალდ ტუსკის ხელისუფლებას ეკისრება და ის უნდა დაისაჯოს.
მანამდე, ევროსაბჭოს პრეზიდენტის, დონალდ ტუსკის გასამართლება პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა მოითხოვა. მან ყოფილი ხელისუფლება სმოლენსკის ავიაკატასტროფის გამოძიების დასკვნის გაყალბებაში დაადანაშაულა. ტრაგედიის 6 წლისთავზე ერთ–ერთი არხისთვის მიცემულ ინტერვიუში ანტონი მაცერევიჩმა განაცხადა, რომ დონალდ ტუსკი პირადად აკონტროლებდა არა მარტო გამოძიების პროცესს, არამედ სამთავრობო სტრუქტურების მიერ გაკეთებულ ნებისმიერ განცხადებასაც.
პოლონეთის ახალმა ხელისუფლებამ 2010 წლის 10 აპრილს მომხდარი ავიაკატასტროფის გამოძიება შემოდგომაზე განაახლა. ტრაგედიას 96 ადამიანი, მათ შორის პოლონეთის პრეზიდენტი და მისი მეუღლეც ემსხვერპლნენ.