ყირგიზეთის პრემიერ-მინისტრმა ტემირ სარიევმა ტენდერთან დაკავშირებული სკანდალის გამო გადადგომის შესახებ განაცხადა. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
"მძიმე ჭორები საზოგადოების სტაბილურობას არღვევს, მე როგორც პრემიერ-მინისტრი თანამდებობას ვტოვებ“, - აღნიშნა პრემიერმა.
სარიევის განცხადებამდე, ცოტა ხნით ადრე, ყირგიზეთის საპარლამენტო კომისია პრემიერ-მინისტრისთვის უნდობლობის გამოცხადების ინიციატივით გამოვიდა. მიზეზი ავტომაგისტრალის მშენებლობის ტენდერის ჩატარების დროს დაშვებული დარღვევები გახდა. კერძოდ, საპარლამენტო კომისიამ დაადგინა, რომ ჩინურმა კორპორაციამ "ლონგ ხაიმ" გზის მშენებლობის ტენდერში დარღვევებით გაიმარჯვა. ყირგიზეთის ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრმა არგინბეკ მალაბაევმა სარიევი ჩინური კომპანიის ინეტერესების ლობირებაში დაადანაშაულა. თავის მხრივ, პრემიერმა ბრალდებები უარყო და მინისტრის თანამდებობიდან გათავოსუფლება მოითხოვა.
ტემირ სარიევმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა გასული წლის მაისში დაიკავა. ყირგიზეთის კანონმდებლობის თანახმად, პრემიერის გადადგომა მთელი მინისტრთა კაბინეტის გადადგომას ნიშნავს.