სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში" გამართულ ღონისძიებას - „ინვესტორის ანგარიში საქართველოს მთავრობას" - ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური დაესწრო. საქართველოს მთავრობისა და საზოგადოების წინაშე კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯიამ" საქმიანობის ანგარიში წარადგინა.
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, 2015 წლის 19 მარტს ბათუმში კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯიას", საქართველოს მთავრობასა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს - ADB, EBRD, IFC შორის საზეიმო ღონისძიებაზე ხელი მოეწერა ორ ძალიან მნიშვნელოვან დოკუმენტს: საქართველოს მთავრობასა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს შორის (IFC, EBRD, ADB) შუახევიჰესის მშენებლობის, ფლობის და ოპერირების შესახებ პირდაპირ ხელშეკრულებასა და შუახევიჰესის პროექტის დაფინანსების საბოლოო ფაზის ხელშეკრულებას, რომლის ფარგლებშიც დაიწყო პროექტის დაფინანსება, რომელიც ჯამურად 416 მლნ. აშშ დოლარის ინვესტიციას წარმოადგენს საქართველოს ენერგოსისტემაში.
როგორც შეხვედრაზე ითქვა, 1 წლის შემდეგ, კომპანია მოხარულია, აცნობოს საქართველოს მთავრობას, რომ პროექტის 75% დასრულებულია ძალიან მნიშვნელოვანი ორი მიღწევით: 37 კმ სიგრძის სხვადასხვა მიმართულებიდან წამოსულ ორი გვირაბის გაერთიანებასთან დაკავშირებით, რომლითაც პროექტის ყველაზე რთული და მნიშვნელოვანი ნაწილი დასრულდა და მეორე - შუახევის ელექტროსადგურის შენობის მშენებლობის დასრულებით.
ამ უმნიშვნელოვანეს მიღწევებთან ერთად, კომპანიამ საქართველოს მთავრობას და საზოგადოებას წარუდგინა ინფორმაცია 70-ზე მეტი სოციალური პროექტის შესახებ, რომელსაც „აჭარისწყალი ჯორჯია" საკუთარი კორპორატიული პასუხისმგებლობის ფარგლებში ახორციელებს მაღალმთიან აჭარაში, კერძოდ, ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტების მცხოვრებთათვის. აღნიშნული პროექტები ემსახურება ინფრასტრუქტურის განვითარებას, განათლების და ცნობიერების ამაღლების სფეროს, თემების გაძლიერებას მცირე ბიზნესის სხვადასხვა პროექტის ხელშეწყობის გზით.
„ვფიქრობ, ეს არის უმნიშვნელოვანესი პროექტი, რომელიც მიმდინარეობს და ის ნამდვილად რეკორდულად სწრაფ პერიოდში განხორციელდა. ეს არის ერთ-ერთი სერიოზული გამოძახილი იმისა, რომ ქვეყანაში ინვესტორთათვის ყველა პირობაა შექმნილი. აღნიშნული პროექტი საქართველოს ენერგეტიკული დივერსიფიკაციისა და დამოუკიდებლობისაკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია", - განაცხადა ნოდარ ხადურმა.
პროექტის დასრულებას და 187 მგვტ. სიმძლავრის შუახევიჰესის ექსპლოატაციაში მიღებას კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯია" 2016 წლის ბოლომდე გეგმავს.